logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რუსული ნიჩბიდან - რუსულ კანონამდე

10 აპრ 202421:00
3 წუთის საკითხავი
clock 358

როცა ნგრევის ფაზაში შესული რუსული იმპერია მოსახლეობას უხეში ძალით, მათ შორის ნიჩბებით უპირისპირდება, ეს მას ძალიან ძვირად უჯდება. საზოგადოების წინააღმდეგობისა და კონსოლიდაციის ხარისხი თვითგადარჩენის ინსტინქტის დონეზეც კი განუზომლად იზრდება, რის შემდეგაც ხალხი, გარდაუვალ საფრთხეს, ყველა შესაძლო რესურსით უპირისპირდება. მოგვიანებით, როდესაც იმპერია კვლავ ლპობის ფაზაში მყოფი, მაგრამ მაინც მოდერნიზირდა, სადაც გასდის, იგივე ამოცანის მიღწევას უკვე არა იმდენად უხეში ძალით, არამედ სასურველი რუსული კანონებით და მათ მიღებამდე ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობს. როდესაც გარდაუვალი საფრთხის შეგრძნება ქრება, თვითგადარჩენის ინსტინქტი კი უკანა პლანზე ინაცვლებს, მოდუნებული და დეზორგანიზებული საზოგადოების წინააღმდეგობის გადალახვა გაცილებით მარტივია. მოკლედ და გაჭრილად რომ ვთქვათ რუსულ ნიჩაბს რუსული კანონი კი არ ჩაენაცვლა - "წამოეშველა".

სწორედ ამ რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებს დღეს ივანიშვილი, რომელიც იმედოვნებს რომ გასული წლის მარტისგან განსხვავებით, ამჯერად, საინფორმაციო ველი საკმარისად მოთელილია საზოგადოებრივი წინააღმდეგობის შედარებით მარტივად დასაძლევად. ჩვენ კი იმისთვის, რომ სრულფასოვნად გავიაზროთ მომენტის მნიშვნელობა და სიმწვავე, რუსულ კანონს უნდა შევხედოთ არა როგორც უწყინარ, თუ უვნებელ სამართლებრივ აქტს, როგორც ამას ხელისუფლება გვტენის, ან თუნდაც ქვეყნის სერიოზულად დამაზიანებელ იურიდიულ დოკუმენტს, არამედ როგორც იმ რუსულ ნიჩაბს, რომელმაც 35 წლის წინ უმძიმესი კვალი დატოვა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა სხეულებზე, დღეს კი ქართულ დემოკრატიას, თავისუფლებას და მთლიანად სახელმწიფოებრიობას პირდაპირ ფესვებში ურტყამს.

2012 წელს, როდესაც პუტინმა რუსეთის დუმას მსგავსი კანონი მიაღებინა, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად რეგისტრაციაზე იყო საუბარი. მეხუთე კოლონის იარლიყის მიკვრისგან გამოწვეულ შეურაცხმყოფელ შეგრძნებას ბევრი თავიდანვე მძიმედ შეხვდა, ისეთებიც იყვნენ რომ ხუმრობდნენ: რა დაგვაკლდება რეესტრში თუ რამეს დაგვარქმევენო. მწარედ შეცდნენ: კანონის მიღებიდან მალევე უკვე კონკრეტული საერთაშორისო დონორები გამოცხადდნენ "არასასურველ ორგანიზაციებად" და მათთან თანამშრომლობა დანაშაული გახდა. კანონი მედია საშუალებებზე, მოგვიანებით კი ფიზიკურ პირებზეც გავრცელდა და ისინიც "უცხოეთის აგენტები" გახდნენ. მხოლოდ 2021 წელს რუსეთში 100 ზე მეტი მედია საშუალება დაიხურა. აი შარშან კი, კრემლისთვის არსასურველი ინფორმაციის გავრცელება კანონით აიკრძალა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყველა სახის თანამშრომლობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა. თუმცა ეს დასასრული არ არის. წელს უკვე ე.წ. "უცხოეთის აგენტებისთვის" არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა იგეგმება.

უცხოეთის აგენტი კი შესაძლოა იყოს ნებისმიერი. მაგალითად ფორმულას რესპონდენტი, რუსი ექიმი, რომელიც იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტად" დარეგისტრირებულიყო იმის გამო, რომ გერმანიის ერთ-ერთ ფონდთან თანამშრომლობდა, რათა რუსეთში მცხოვრები ბავშვების მკურნალობა შესძლებოდა. არადა ეს ბავშვები მანამდე უბრალოდ არასათანადო მკურნალობის გამო კვდებოდნენ. დღეს ამ ექიმმა, საკუთარ ცოლს, ონლაინ ბანკით მცირე თანხაც რომ გადაურიცხოს, ამ კანონის მიხედვით ისინიც ვალდებული არიან "უცხოეთის აგენტებად" დარეგისტრირდნენ. ვითარების სრული აბსურდულობა ოდნავადაც ვერ ამსუბუქებს მის ტრაგიკულობას, რადგან, ამ ყველაფრის შედეგად ვეღარც იმ რუს ბავშვებს მკურნალობენ, მსგავსი ჰუმანური მისიის მატარებელი ადამიანები კი, რომლებიც რუსული საზოგადოების ინტელექტუალურად და მორალურად ყველაზე ღირებულ ნაწილს წარმოადგენენ, იძულებული ხდებიან ქვეყნიდან გაიქცნენ.

ზუსტად ეს არის, რის გაკეთებასაც კრემლი დღეს ოცნების ხელისუფლების საშუალებით საქართველოში ცდილობს.

რატომ არის კანონი რუსული? იმიტომ, რომ გადმოღებულია ზუსტად იგივე მიზნებით, რისთვისაც შემოღებული იყო რუსეთში და ის გამიზნულია რეალური საფრთხის შესაჩერებლად კი არა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან მომდინარეობს, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის. იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც დახმარებას იღებენ შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, ანუ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან ჩვენივე მოქალაქეების დასახმარებლად.

ძლიერი არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია - ეს ის ინსტიტუტებია რომლებიც რიგით მოქალაქეს, ქართულ საზოგადოებას, არამარტო რუსეთის დეზინფორმაციული შემოტევისგან იცავს, აფერხებს, ასუსტებს და ანეიტრალებს ჰიბრიდული ომის შედეგებს, რომლის სამიზნეც საქართველოა. წესით ამ საქმეს ეროვნული მთავრობა უნდა აკეთებდეს. მაგრამ.. მთავრობაში თავად არიან რუსები. თუ არა - აბა დაფიქრდით.

კიდევ უფრო თვალსაჩინოდ რომ წარმოიდგინოთ: თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი - ჩვენ ვართ სასიკვდილოდ საშიში მაღალი ძაბვის ელექტროსადენისგან დამცავი სპეციალური საშუალებები, რომელიც თავის თავზე იღებს, ფილტრავს და განმუხტავს იმ დეზინფორმაციულ მუხტს, დამაზიანებელ ტალღას, რომელიც ქართული სახელმწიფოს და რიგითი, დაუცველი მოქალაქეების მისამართით ყოველდღიურად მოედინება, როგორც რუსეთის, ასევე, სამწუხაროდ ადგილობრივი ქართული სამთავრობო რესურსების მეშვეობით. ამ დამცავი შესაძლებლობების დასუსტების და გაუქმების მცდელობით რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი ქართული სახელმწიფოს და მისი რიგითი მოქალაქის დაუცველ მსხვერპლად ქცევას ცდილობს.

დღეს ქართული პოლიტიკის ,,გრანდმა“ - ქალბატონმა წილოსანმა განაცხადა, რომ სპორტსმენები და ხელოვანები პოლიტიკაში კარგად ვერ ერკვევიანო. ნუ თურმე მათ ევროკავშირის დროშის ინსტაგრამზე გამოფენისა და მაყურებლის ოვაციების ფონზე ღალატისთვის სახელის დარქმევის უფლება არ აქვთ.

პოლიტიკაში ,,გარკვეულმა“ წილოსანმა გვითხრა, რომ ამ სპორტსმენებს, ამ სახიობებს, ამ ქორეოგრაფებს, ამ მომღერლებს, ამ მეცნიერებს არ დაუჯეროთ და მე დამიჯერეთო. ეს მოცემულობა ხომ უკვე თავისთავად ნამდვილი ანეკდოტია, მაგრამ აქვე ყველას მინდა შევახსენო რომ ალა პუგაჩოვა რომ ალა პუგაჩოვაა, ისიც - იმავე კანონის ფარგლებში "ინაგენტობისთვის" არის გამზადებული რუსეთის დუმაში. სულ რამდენიმე დღის წინ კი რეჟიმი იქამდე მივიდა, რომ რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში კონკრეტულად ჩეჩნეთში, ზედმეტად სწრაფი და ზედმეტად ნელი რიტმის მქონე მუსიკაც კი აიკრძალა. მერწმუნეთ, თუ ეს მთავრობა რუსულ კანონიანად შემოგვრჩა - ევროკავშირი კი არა - ჩვენც იგივე დაგვემართება, თან იმაზე სწრაფად ვიდრე ამ წერტილამდე მისვლა რუსებს დასჭირდათ. არც გეოგრაფიულად, არც მენტალურად რუსული კანონის ქართულგვარიანი ლობისტები სალავიოვის, სიმონიანის თუ კადიროვის მენტალიტეტისგან შორს არ არიან.

რუსულ ნიჩაბს, საქართველოში, დროებით, რუსული კანონი ჩაენაცვლა. მისი მიღებით ივანიშვილი ნიადაგს ამზადებს და საზოგადოებას აგუებს შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ სრულად მოსაქცევად. რაც შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ ერთ დღეში, თბილისის ცენტრში იმდენი გულანთებული და თავისუფლებისმოყვარე ადამიანი მოგროვდება, რამდენიც თუნდაც გუშინწინდელ დაძახილზე, გუშინ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ცხრა აპრილის მემორიალამდე შეიკრიბა. შეიკრიბა არა მარტო დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად, არამედ იმ დროშის კიდევ ერთხელ გადასაბარებლად, რომელმაც საქართველო ერთხელ და სამუდამოდ სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს და ევრო-ატლანტიკური სივრცის სრულფასოვან ნაწილად აქციოს.


close დახურვა