ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ქუთაისის მერია დაფინანსებას 100 000 ლარით ზრდის, აქედან 70 000 ლარი კი მერიაში დასაქმებულების ხელფასების გაზრდას მოხმარდება.
ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიგა შუშანიამ განაცხადა. ის მერიას მოუწოდებს, თანხა სოციალურად დაუცველების კვებას მოახმაროს.
"ქუთაისის მერიამ, პირველი რაც გააკეთა, მოიფიქრა, რომ 100 000 ლარით გაიზარდოს ბიუჯეტში საკუთარი ხარჯები და მათ შორის, 70 000 ლარი ამ ხარჯებიდან დაიმატოს საკუთარ ხელფასებზე. ამის პარალელურად, ქუთაისის მერი დღემდე აფერხებს ჩვენს ინიციატივას, რომ გადაიხედოს უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი, იმიტომ, რომ ამ ფასების ზრდის მიუხედავად, ეს თანხა 50 ათასი ლარით შეამცირეს წელს და ორი ლარი და 15 თეთრი იხარჯება მხოლოდ ერთ დღეში ერთი ადამიანის გამოკვებაზე,
ამიტომ ჩვენ მივმართავთ ქუთაისი მერს - ან შეაჩეროს ეს და არ მიიღოს ეს ცვლილებები ბიუჯეტში და ეს თანხა მიმართოს უფასო კვების ბენეფიციართა გაუმჯობესებაზე, ან თვითონ დაჯდეს და ეს წყალ-წყალა კვება, რომლითაც ყოველდღიურად კვებავენ ბენეფიციარებს, თვითონ დაჯდეს ამ რაციონზე", - ამბობს შუშანია.