logo
ENG



"მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი" - ოპოზიცია

15 აპრ 202409:10
3 წუთის საკითხავი
clock 285

საპარლამენტო ოპოზიცია ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. ამასთან, ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, დაუბრუნდეს 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

"ერთი წლის წინ ივანიშვილის პარტიამ სცადა რუსული კანონის გატანა, მაგრამ გაიწვია ხალხის ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რამაც მნიშვნელოვან წილად მოიტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის.

დღეს, ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს, შემოიტანოს რუსული კანონი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად. რუსული კანონი, რომელიც ემსახურება საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას.

ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა არ მიიღოს. ჩვენი მიზანია, დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ამბობს - კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი რუსული კანონის განხილვას დღეს, 10:00 საათზე იწყებს. პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა