logo
ENG



ბორელი და ვარჰეი რუსულ კანონზე: მოვლენების ასე განვითარება ძალზე შემაშფოთებელია

17 აპრ 202416:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/17/w017cds4nimr72a.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი პირველი მოსმენით რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, კანონი ევროკავშირის არაერთი მოწოდებისა და მასობრივი პროტესტის მიუხედავად მიიღეს.

"მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირს წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა