logo
ENG



ევროპარლამენტარები რუსულ კანონზე: თავდასხმაა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე

18 აპრ 202413:13
3 წუთის საკითხავი
clock 297
2024/04/18/0ojy4eel623erpd.jpg

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაცია (DSCA) ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას განცხადებით ეხმაურება. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ - ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მოქმედი მომხსენებელი სვენ მიქსერი.

განცხადებაში დელეგაცია "ღრმა შეშფოთებას" გამოთქვამს ქართული ოცნების მიერ "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახალ ინიცირებაზე და აცხადებენ, რომ გუშინ, პირველი მოსმენით მიღებული კანონი თავდასხმაა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

ამასთან, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ასევე, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ უღალატონ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს და ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაში, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს იყოს უზრუნველყოფილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ სპეცრაზმის მიერ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებით.

"მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იქნას დაცული, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის განურჩეველი გამოყენება არ შეიძლება იყოს გამართლებული. მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია. ჩვენ კვლავაც ურყევად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ განსახორციელებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა