logo
ENG



ოცნება 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერ "სახალხო შეკრებას" აანონსებს

22 აპრ 202411:16
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება 29 აპრილს, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს. პარტია განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ შეკრებას "მხარდამჭერთა თხოვნით" მართავს.

განცხადებაში მმართველი პარტია ირწმუნება, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები "უმცირესობაში" არიან და კვლავ თავს ესხმის ოპოზიციას, NGO-ებსა და პრეზიდენტს, რომლებიც მათი მტკიცები, "ხალხის სახელით საუბრობენ".

"ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას", - ნათქვამია ოცნების განცხადებაში.

პარლამენტი ოცნების მიერ ინიციირებული რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვას 29 აპრილიდან, სასესიო კვირაში იწყებს. პარალელურად, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის "სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას აცხადებენ".

17 აპრილს ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 


close დახურვა