logo
ENG



ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზიტს გეგმავს

22 აპრ 202411:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/22/p8cytw83s7gzm2a.png

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ვიზიტს აპირებს. ვიზიტი 24-25 აპრილსაა დაგეგმილი. 

ბრძანების თანახმად, ირაკლი კობახიძესთან ერთად დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიცაა. 

ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად ჩადის და ეს არ არის მისი ოფიციალური ვიზიტი. 

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრება.

ირაკლი კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით ბოლოს 2023 წლის დეკემბერში, ქართული ოცნების თავმჯდომარის რანგში იმყოფებოდა.

ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტით გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. უნგრეთის პრემიერი ევროკავშირში ქართული ოცნების მოკავშირეა და საქართველოს მმართველ პარტიას ხშირად აქებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უნგრეთი არის ერთ-ერთი იმ მცირე ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების გატარებას ეწინააღმდეგება. მათ შორის უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში რუსული ნავთობისა და გაზის სრულ აკრძალვას.

ომის დაწყებამდე ორბანს პუტინთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, უნგრეთი კი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთიდან გაზის მოწოდება გაზარდა.

სექტემბერში, POLITICO წერდა, რომ უნგრეთი სანქცირებულთა სიიდან სამი რუსი ოლიგარქი ამოღებას ითხოვს.

ასევე სექტემბერში ევროკავშირის კანონმდებლებმა მიიღეს საპარლამენტო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უნგრეთი 2018 წლიდან უკან იხევს დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ, "უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართული და სისტემატური ძალისხმევის შედეგად."

აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2017 წელს სცადა, გამჭვრივალობის კანონის მიღება, თუმცა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და უნგრეთმა კანონი აღარ მიიღო.

 


close დახურვა