433-ის მომხრე, 123-ის წინააღმდეგ, ევროკავშირის კანონმდებლებმა მიიღეს საპარლამენტო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უნგრეთი 2018 წლიდან უკან იხევს დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ, "უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართული და სისტემატური ძალისხმევის შედეგად."
უნგრეთს მართავს პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.
ევროპარლამენტმა უნგრეთი დაახასიათა, როგორც "საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდული რეჟიმი", რომელიც "სერიოზულად არღვევს" ევროკავშირის დემოკრატიის ნორმებს.
კენჭისყრა ძირითადად სიმბოლური იყო და არ ცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების კურსს, რომელიც მოითხოვს 27-ვე წევრი სახელმწიფოს, მათ შორის უნგრეთის ერთსულოვნებას, რათა მიიღონ ძირითადი საკითხები, როგორიცაა სანქციები რუსეთზე.
დიპლომატები იმედგაცრუებულნი არიან ორბანის ურთიერთობით კრემლთან და მოსკოვზე შემდგომი სანქციების დაბლოკვით.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის მოწოდება უნგრეთისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დემოკრატიული უკუსვლის გამო იყო "მოსაწყენი ხუმრობა".
"რაც შეეხება ევროკავშირის პარლამენტის გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, რომ ეს ხუმრობაა. ჩვენ არ ვიცინით, რადგან ეს მოსაწყენი ხუმრობაა."- თქვა ორბანმა სერბეთის პრეზიდენტ, ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ.
ორბანი ამბობს, რომ "ისინი [ევროკავშირის კანონმდებლები] ამას აკეთებენ გასართობად. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ."
კორუფციული რისკების მოტივით, ევროკომისია სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს რეკომენდაციას გაუწევს ბუდაპეშტისთვის საერთო ბიუჯეტიდან 2021-27 წლებში გამოყოფილი მილიარდების შეჩერებას.
კომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ევროკავშირმა "უნდა იბრძოლოს ჩვენი დემოკრატიებისთვის."
მან თქვა, რომ ევროკავშირი იმუშავებს წევრი ქვეყნების დასაცავად "გარე საფრთხისგან, რომელიც მათ წინაშე დგას და იმ მანკიერებისგან, რომელიც მათ შიგნიდან აზიანებს." ლაიენმა განსაკუთრებით კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაუსვა ხაზი.