logo
ENG



110-40-ზე - ხელისუფლების ახალი შეთავაზება ოპოზიციას

27 თებ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

შეწყვეტილი მოლაპარაკებების პირობებში არაფორმალურ შეხვედრებზე როგორც ჩანს, შეთანხმების პირობები ნელ-ნელა იცვლება, - „ქართული ოცნება“ გამოთქვამს მზადყოფნას, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ისეთ მექანიზმზე შეთანხმდეს, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ძალას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს. სანაცვლოდ მმართველი ძალა 110/40 ზე პროპორციას ითხოვს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის სხვა წევრებმაც დაადასტურეს, რომ არაფორმალურ გარემოში რამდენიმე ვერსია განიხილეს. თუმცა, შეთავაზებას ოფიციალური სახე არ ჰქონია. შესაბამისად, დიალოგის  მეხუთე რაუნდის ბედი ჯერ ისევ უცნობია. უცვლელია ოპოზიციის მოთხოვნებიც - შეწყდეს პოლიტიკური დევნა და საარჩევნო სისტემა პროპორციულს მაქსიმალურად მიუახლოვდეს ანუ მთავრობა დააკომპლექტოს პარტიამ, რომელიც ხმათა 40 %-ზე მეტს მიიღებს.

„ოცნება" დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ხმების 60 პროცენტს მიიღებს. თუმცა კვლევები სხვას აჩვენებს. „ენ-დი-აის“ ბოლო გამოკითხვამაც დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - „ქართული ოცნება" გამოკითხულთა მხოლოდ 20-მა პროცენტმა დაასახელა. ამ მონაცემების მიუხედავად, მმართველი პარტია იძულებულია დათმობაზე წავიდეს, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის გამო. დღევანდელი არაფორმალური შეხვედრაც დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით შედგა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოო იყო.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა. 

ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობდა, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართება, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. 

მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს ინდივიდუალური შეხვედრებიც შესთავაზა. „ქართული ოცნება“ მზადაა პირისპირ შეხვდეს ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ესაუბროს.

 


close დახურვა