logo
ENG



კობახიძე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს

26 აპრ 202414:34
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ის ასევე აგრეძლებს ქართული ოცნების ნარატივს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიზანი, თითქოსდა დესტაბილიზაციაა.

"გახსოვთ, ფარატინა ქაღალდებად დარჩა რეზოლუციები. ხალხზე არ გაჭრა მაშინ და ქვეყანამ საბოლოო ჯამში მიიღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟა ვიუ. აქაც, როგორც ჩანს, ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა, რომ ოქტომბერში დაიწერება, მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძემ, როგორც ჩანს, იგულისხმა პოლიტიკოსი გიორგი ჩალაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელია.

ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ეხება. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. 

ასევე, რეზოლუციის შესწორებაში ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მოითხოვენ, შეფასდეს რუსული კანონის გავლენა უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებზე. 

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზოლუცია სამარცხვინოა. მამუკა მდინარაძემ ვიზალიბერალიზაციის ჩანაწერს "შანტაჟი" უწოდა. 


close დახურვა