logo
ENG



კორძაია იოსელიანს: გამოდით, მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი

29 აპრ 202411:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/73qe8ghe3fdrjq8.jpg

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართავს, რომ გააკეთოს განცხადება და ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდოს. 

კორძაია აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური შეფასების საკითხი არაა და საქმე ადამიანების უფლებების დაცვას ეხება. 

"ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას, პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, არ შეიძლება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და ის აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნას მიღებული, ნებისმიერ შემთხვევაში. 

ბატონო ლევან, სწორედ სახალხო დამცველი მოთხოვნის საფუძველზე ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა, ყოველ გვერდში ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ, მოგიწოდებთ გამოხვიდეთ, ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებების პრევენციულად. ბატონო ლევან, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი", - განაცხადა კორძაიამ ბრიფინგზე. 

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 5 ოპოზიციონერი, მათ შორის, თამარ კორძაიაც გააძევა და თქვა, რომ თუ "სხდომის ჩაშლის მცდელობა იქნება", რეგლამენტის ყველა პროცედურას გამოიყენებს.


close დახურვა