საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და მას "ობიექტურობას მოკლებულს" უწოდებს.
განცხადების ბოლოს საგარეო აღნიშნავს, რომ "თავი შეიკავეს" კრიტიკისგან მაშინ, როდესაც პარიზში აქცია დაშალეს.
2 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობა დაგმო.
საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის ამ პოზიციას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ "არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას".
"გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.
მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ. არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება"- ნათქვამია განცხადებაში.