logo
ENG



"გაიწვიეთ კანონპროექტი" - მაკალისტერი, კალიურანდი და მიკსერი ოცნებას მიმართავენ

03 მაი 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
"გაიწვიეთ კანონპროექტი" - მაკალისტერი, კალიურანდი და მიკსერი ოცნებას მიმართავენ
ფორმულა/ლანა მრავლაძე

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და ქართულ ოცნებას მიმართავენ.

ევროპარლამენტარები ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, ე.წ. რუსულ კანონს და საპროტესტო აქციებს ეხმაურებიან.

"ჩვენ ძალიან ვღელავთ საქართველოში არსებული სიტუაციის გამო და ვგმობთ ძალადობას იმ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეწყვიტოს.

ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი თავშეყრის უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმ საკამათო კანონპროექტის გამო, რომელიც არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას საფრთხეს შეუქმნის.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიონ ეს კანონპროექტი და კონცენტრირებული იყვნენ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებზეხ. ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ იყვნენ რუსეთის ორბიტის ნაწილი. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, დააკმაყოფილონ საკუთარი მოქალაქეების მოლოდინები და არ შეუზღუდონ ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც აჩვენებს დაუღალავ ერთგულებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა