პარტია ახალის წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე ამბობს, რომ თავდამსხმელები მას სახლთან ელოდებოდნენ. როგორც მან ფორმულას ეთერში თქვა, მას სამი ადამიანი დაესხა თავს, ერთი კი მანქანით ელოდებოდა. წინა შემთხვევების მსგავსად, მოძალადეებიც ჰუდებითა და პირბადეებით იყვნენ.
"როგორ მეზობელმა მითხრა, სახლთან მელოდებოდა სადარბაზოსთან. ორი ადამიანი კიდევ მანქანაში იჯდა. ერთი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ორი მეორე მხრიდან. ვიცი რომ ჩელესაც დახვდნენ. სახეზე ხელების დაფარებამ გადამარჩინა. მირტყეს წიხლები. წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. მანქანამ სწრაფად მოუყენა. უბრალოდ ვყვიროდი გაეგონათ ხმას სხვებს, რადგან სინათლე იყო და ხალხი იყო ირგვლივ, ვერ შეძლეს დიდხანს ამ ჩხუბის გაგრძელება და მე მგონი, სხვებთან შედარებით, ამ ეტაპზე გადავრჩი", - ამბობს ჩაჩანიძე.
გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ამასთან, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს. შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისებთან.
9 მაისს თავს დაესხნენ გიორგი მუმლაძეს და გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს, ბორის ჩელე ყურუას.
აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია.
ამასთან, დააკავეს ბლოგერი უჩა აბაშიძე. მას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.