დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს.
უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. შსს-ს მტკიცებით, მარიამ იაშვილი და უჩა აბაშიძე "სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში" არიან ბრალდებულები.
შსს-ში ირწმუნებიან, რომ უჩა აბაშიძე და მისი ცოლი უკანონოდ იღებდნენ ამ უკანასკნელთან სხვადასხვა პირის ინტიმურ კავშირს.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი-სთან ერთად განიძრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლო, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. ამ მიზნით, მ.ი-ს საცხოვრებელი ბინა აღჭურვილი იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას. ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში.
მ.ი-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირებთან მოხდებოდა შეთანხმება ან შეხვედრა და ის მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს. ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია.
სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მათზე აღბეჭდილები არიან როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე", - აცხადებენ შსს-ში.
მარიამ იაშვილის დაკავებას არ დაესწრნენ ადვოკატები. ისინი უჩა აბაშიძესთან იმყოფებიან, რომელსაც რამდენიმე წუთში ბრალი უნდა წარუდგინონ.
მარიამ იაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი. ადვოკატები მასთან უჩა აბაშიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ მივლენ.
უჩა აბაშიძე 10 მაისს დააკავეს. მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. თითქმის სამი საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ ზარის განხორციელების უფლებას, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. საბოლოოდ, ადვოკატი აბაშიძესთან სახლიდან გამოყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუშვეს.
ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
ბლოგერის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სახლში რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში "დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს" - სინამდვილეში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა.