logo
ENG



"არა რუსულ კანონს! არა ტერორს! არა ოლიგარქებს" - ნინო ხარატიშვილის სიტყვით გამოსვლა ბერლინში

11 მაი 202420:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/0miyxrnxa7dpyki.png

გერმანიაში მცხოვრები ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი ნინო ხარატიშვილი ბერლინში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლისას ხარატიშვილმა ხაზი გაუსვა ყველა იმ ზიანს და ღალატს, რომელიც საბჭოთა კავშირმა თუ რუსეთმა ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ რუსული კანონის მიღებით ყოველივე ეს ისევ დაბრუნდება ქვეყანაში.

იგი ცინიკურს უწოდებს ქართული ოცნების იმ "იმედს, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს" და თითქოს არ ახსოვს ის, თუ რა შედეგი გამოიღო რუსეთში აგენტების კანონის შემოღებამ.

მისი თქმით, დაუშვებელია საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება - იმ პარტიისა, რომელიც "აგენტების მიერ დანიშნულ ხელისუფლებაზე, გლობალური ომის პარტიაზე და ღამურებზე გვესაუბრება, ევროპასა და ამერიკას, უეცრად, მტრად და მტრულ ალიანსად ასახელებდა რუსეთს არც ახსენებს."

გამოსვლის ბოლოს მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა აღარ არის დაყოფილობის, "ზვიადისტობის, შევარდნაძისტობის, ნაცისა და ქოცის დრო" და საჭიროა ქართველი ხალხი საერთო მიზნისთვის გაერთიანდეს.

გთავაზობთ ნაწილს ნინო ხარატიშვილის სიტყვიდან: 

ერთის თქმა და მეორე კეთება, პოლარიზება, უტიფარი ტყუილი, დემოკრატიულ ცვლილებებისა და უკეთესობისკენ სწრაფვის ამოფარებული ცენზურა, რეპრესიები, კულტურის ხელში ჩაგდება, ცენტრალიზება, მისი საშუალებით მეტი ძალაუფლების მოპოვება, ნაციონალური და ყალბი პატრიოტიზმით გაჯერებული კულტურის ხაზის დიქტატის გატარება, ნეპოტიზმი, კორუფცია - აღარ ვიცი რა ჩამოვთვალო. ეს ყველაფერი ნაცნობი ხელწერაა ყველა დიქტატორის, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ვერც ქართული ოცნებაა ორიგინალური.

შემაშინებელია, რომ ჩვენთან ყველაფერი ამ სისწრაფით ვითარდება. თუ ადრე ნიღბის შენარჩუნებისთვის დათმობებზე უწევდათ წასვლა და ევროპასთან თანამშრომლობის სურვილის ინსცენირება, ახლა თითქოს რაღაც შვებასაც გრძნობენ და პარტიის მმართველის, თითქმის მეფედ შერაცხილი მათი ბატონ-პატრონის სიტყვით გასვლის შემდეგ თითქოს ამოისუნთქეს და დაუფარავად დაიწყეს მათი რეალური სახის გამოვლინება. ჩვენც თვალსა და ხელს შუა აღმოვჩნდით იქ, სადაც ყოფნას თითქოს და მრავალი წელია ვეჭვობდით, მაგრამ მაინც ვერ ვუშვებდით, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რეალურად ქცეულიყო.

მოვედი, ცუდი ბუმერანგივით უკან დაბრუნებულ რუსულ კანონთან და იმ 360 გრადუსიან შემოტრიალებასთან, იმ უკიდეგანო მიწისძვრასთან, რომელსაც ეს კანონი გამოიწვევს. მიწა უკვე ყანყალებს, ყველა, ვისაც ოდავ ჯანსაღი აზრი მაინც შეგვრჩენია ვიცით, რას ნიშნავს ეს. როგორ აღმოვჩნდით აქ, როგორ მოვედით აქამდე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი - ასე თითქოს და შეუმჩნევლად და უცაბედად. იქნებ, არ ყოფილა უცაბედად, ან იქნებ წავუყრუეთ. თუმცა დემონსტრაცია არ გამოგვიტოვებია და მე დღე არ მახსოვს რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიტინგი ან დემონსტრაცია არ ყოფილიყო. მაინც, როგორ აღმოვჩნდით აქ? ჩვენ, ჩვენი თაობა და უფროსები, ვისაც კარგად გვახსოვს საბჭოთა კავშირის 70 წლიანი მონობა, 9 აპრილი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, ლტოლვითა ზღვა, უამრავი ტკივილი და დაღუპული ადამიანები, გვახსოვს 90-იანები და ამ თავისუფლების ფასი - ჩაშხამებული ბავშვობა და ახალგაზრდობა. გვახსოვს 2008 წელი, რა აღარ. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი რუსეთს ან საბჭოთა კავშირს უკავშირდება. ამ უკანასკნელის ლეში კი რუსეთში არასდროს დაუმარხავთ და იმდენხანს უკეთეს ხელოვნური სუნთქვა, სანამ თავად არ გაეხსნა სუნთქვა, არ წამოდგა საფლავიდან და არ იქცა კიდევ უფრო სასტიკ, კაციჭამია ჰიბრიდად, რომელიც საკუთარი შვილების ჭამაზეც გადავიდა.

დღეს ჩვენი მმართველი პარტია და მისი ლიდერი დგანან ტრიბუნაზე და უცხოური ხალხის მიერ აღზრდილ ელიტაზე, აგენტების მიერ დანიშნულ ხელისუფლებაზე, გლობალური ომის პარტიაზე და ღამურებზე გვესაუბრებიან, ევროპასა და ამერიკას, უეცრად, მტრად და მტრულ ალიანსად გვისახელებენ და რუსეთს არც ახსენებენ. თან ღიად გვიანონსებენ შურისძიებასა და სადამსჯელო გეგმებს. ამ გამოსვლიდან რამდენიმე დღეშიც საქმეზეც გადადიან. აღარ ელოდებიან არჩევნების მოგებას, რომლის არმოგებაც არცერთი პროცენტით არ დაიშვება. იმდენად დამცინავია, ირონიული და დამამცირებელი ჩვენი ხელისუფლების იმედი, რომ ჩვენ ასეთი მოკლე მეხსიერება გვაქვს, რომ ავიწყდებათ, ეს დაანონსებული სცენარი უკვე მეზობელ ქვეყანაში გვაქვს ნანახი და ეს სცენარი გრძელდება.

მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ქმნის ამ საზოგადოებას და ქვეყანას, სადაც არ უნდა ვიყოთ. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ვიცი, რომ ჩვენ ზურგით დაგვაქვს ჩვენი წილი საქართველო. ერთხელ მაინც, თუნდაც, რომ გადასარევი, უშიშარი, თავისუფალი ევროპელი ახალგაზრდების ხათრით, ვიკისროთ ვალდებულება და დავივიწყოთ შევარდნაძისტი, ზვიადისტი, ნაცი, ქოცი და გავხდეთ უბრალოდ ქართველები. დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ყველას ერთად შეგვიძლია ჩვენი საქმის კეთება. იქ უნდა ამოვიღოთ ხმა სადაც საჭიროა.

აღარც მოსკოვი გვინდა და აღარც ქალაქზე გაშენებული სასახლეები. ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოვა უნდა საკუთარი ხალხის სიმაღლეზე აღმოჩნდეს და მას გაუსწოროს თვალი. ყველა ადამიანს, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ევროპისთვის მებრძოლ ყველა მოქალაქეს მადლობას ვუხდი. მჯერა რომ ამას შევძლებთ და ამ ისტორიას მართლა სხვანაირად, ცარიელი ფურცლიდან გავაგრძელებთ.

არ გვქონია შიში შანტაჟის, ამათი მონობის წყურვილის, არც ამათი გინების. იმდენი გაზი გვაქვს ნაყლაპი, მუშტი მოგერიებული, იმდენი რუსული ჩექმა მოგერიებული, რომ ამათ აუცილებლად გავუწევთ წინააღმდეგობას. ჩვენი ხელით ჩამოვაღებინებთ იმ სამარცხვინო და იაფფასიან პლაკატებს ჩვენი სადარბაზოებიდან. მთავარია ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს, დავივიწყოთ პირადი წყენები, პოლიტიკური განხეთქილებები, გავერთიანდეთ იმის გამო, რომ მომდევნო 70 წლის განმავლობაში არ მოგვიწიოს ტყუილში ცხოვრება. ამიტომ, არა რუსულ კანონს!"


close დახურვა