თბილისი საქალაქო სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარიამ იაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
ცნობილია, რომ შემდეგი სასამართლო სხდომა 2 ივლისს გაიმართება.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ბლოგერი ბრალდებას არ აღიარებს, ხოლო გადაწყვეტილება "დაუსაბუთებელი და უსამართლოა."
***
უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. თითქმის სამი საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ ზარის განხორციელების უფლებას, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. საბოლოოდ, ადვოკატი აბაშიძესთან სახლიდან გამოყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუშვეს.
ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
ბლოგერის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სახლში რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა.
10 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში "დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს" - სინამდვილეში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა. ამავე დღეს, უჩა აბაშიძეს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ - მათთან საუბარში ბლოგერი ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.
უკვე 11 მაისს, პოლიციამ ბლოგერის ცოლი, მარიამ იაშვილიც დააკავა. შსს-ს მტკიცებით, მარიამ იაშვილი და უჩა აბაშიძე "სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში" არიან ბრალდებულები.
დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე უჩა აბაშიძემ ვიდეოც გაავრცელა, სადაც არ გამორიცხავდა მის შესაძლო დაკავებას და წინასწარ საუბრობდა იმაზე, რომ მის სახლში არარეგისტრირებული იარაღი არ ინახება.