გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს და გმობს ძალადობას.
განცხადებას ხელს 160-ზე მეტი სტუდენტი აწერს.
"ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას და იმას, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, ამიტომ არ ვემხრობით არაფერს, რაც ხელს შეგვიშლის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ იმას, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად დგომაა, ამიტომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით და ვგმობთ ყველაფერს რაც გვაკავშირებს რუსეთთან.
ვგმობთ ყველანაირი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ…
ყოველდღიურად ვხედავთ როგორ უსწორდებიან სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, ზრდასრულებსა და მოხუცებს ფიზიკურად და არ ვაპირებთ ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნოთ თვალი.
კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და არავის მივცემთ უფლებას გადაუხვიოს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს.
აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ნახსენები პოზიცია არ გამოხატავს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის თვითმმართველობის პოზიციას, ჩვენ განცხადებას ვაკეთებთ არა უნივერსიტეტის, არამედ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის სახელით"- ნათქვამია განცხადებაში.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი ამჟამად ლექტორია. ადრე ის რექტორის თანამდებობას იკავებდა.