CU-ს ლექტორი ნიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს. მისი თქმით, მიზეზი მათ მიერ რუსულ კანონთან დაკავშირებული პოზიციაა.
"კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტი ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება. ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.
კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.
ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები", - წერს ნერგაძე.
მანამდე, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის CU-დან გაუშვეს.
მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.