logo
ENG



რუსული კანონი: ფიზიკური პირი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის 5000 ლარით დაჯარიმდება

17 მაი 202414:22
3 წუთის საკითხავი
 
რუსული კანონი: ფიზიკური პირი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის 5000 ლარით დაჯარიმდება
ფორმულა/ლანა მრავლაძე

რუსული კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი საბა ბრაჭველი წერს.

აღნიშნული შესწორება კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის გაჩნდა. აქამდე ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა. 

 

როგორც საბა ბრაჭველი აღნიშნავს, ფიზიკური პირი შეიძლება მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის არმიწოდებისთვის დაჯარიმდეს.

"იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციისჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას. [...] 

ერთი სიტყვით, ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება.

ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა - ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს - ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია", - აღნიშნავს იურისტი.

ბრაჭველი მიუთითებს კანონის საბოლოო ვერსიის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტიზე, სადაც მონიტორინგზე არის საუბარი. 

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.


close დახურვა