logo
ENG



ბუშის, მაკკეინის ინსტიტუტები და Freedom House აშშ-ს, EU-ს მიმართავენ, ოცნება დაასანქცირონ

23 მაი 202410:51
3 წუთის საკითხავი
 
ბუშის, მაკკეინის ინსტიტუტები და Freedom House აშშ-ს, EU-ს მიმართავენ, ოცნება დაასანქცირონ
ფორმულა/ლანა მრავლაძე

მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და Freedom House ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებენ, დაუწესდეთ შეზღუდვები და სანქციები ქართული ოცნების წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ძირის გამოთხრაზე.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში მიღებული კანონი კრემლის კანონს ასახავს და ის დამანგრეველ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.

განცხადებაში ასევე საუბარია ძალის გადამეტებასა და პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.

"მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დააწესონ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძირის გამოთხრაზე, მათ შორის ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს.

შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან ერთად უნდა დადგეს ქართული ოცნების ხელისუფლების ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ.

დემოკრატიაზე ხელისუფლების თავდასხმის უახლესი მაგალითი 14 მაისია, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო დრაკონული კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ. კანონი აიძულებს ქართულ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20% უცხოეთიდანაა, დაასახელონ თავი, როგორც ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესებს ემსახურებიან.

კანონი ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას იმით, რომ ხელისუფლების პოტენციურ კრიტიკოსებს ზედმეტად მძიმე რეგულაციების წინაშე აყენებს და აწესებს დამღუპველ ჯარიმებს ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე, ვინც მას არ დაიცავს.

ეს კანონმდებლობა, რომელიც კრემლის კანონს ასახავს და რუსეთში შექმნილია განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის აღსაკვეთად, დამანგრეველ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.

კვირების განმავლობაში ასობით ათასი ქართველი გამოდიოდა ქუჩებში და მშვიდობიანად აპროტესტებდა ავტორიტარულად ძალაუფლების მიტაცებას.

ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ ეს კანონი მათი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან ერთად დემოკრატიაა და არა რუსეთთან ერთად რეპრესიები.

საქართველოს მთავრობამ მათ უპასუხა ძალადობრივი დარბევით. პოლიცია და უსაფრთხოების სხვა სამსახურები სასტიკად დაესხნენ თავს მშვიდობიან მომიტინგეებს.

ამ კანონის მიღება წარმოადგენს ქართული ოცნების კიდევ ერთი მნიშვნელოვან ნაბიჯს, შელახოს დემოკრატია და თავისუფლება საქართველოში.

2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის შემდეგ სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". დღეს ჩვენი ორგანიზაციები აგრძელებენ ქართველი ხალხისა და მათი მოთხოვნების გვერდით დგომას, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის შესახებ"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა