logo
ENG



"ევროკომისრები სისულელეებს როშავენ" - პუტინი კობახიძე-ვარჰეის საუბარზე

24 მაი 202420:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/24/8jmonh0l00w0mr9.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებული კითხვის პასუხად ამბობს, რომ "ევროკომისრები სისულელეებს როშავენ".

პუტინმა ამის შესახებ ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე ჰკითხა, სადაც პრემიერმინისტრი ირწმუნებოდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს "სიკვდილით დაემუქრათ", რაზეც პუტინმა თქვა, რომ "თუ ყველაფერი ნამდვილად ასეა, ეს პოლიტიკური ბოდვა, უმსგავსობაა".

"მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო, რა თქვა იქ ვიღაც ევროკომისარმა. იქ ბევრი კომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს როშავენ. მაგრამ თუ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ ამბობთ - ამას პოლიტიკური ბოდვისა გარდა ვერაფერს ვუწოდებთ, ეს უბრალოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ დასავლელი საშუალო რგოლის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით ამ მიმართულებით მხოლოდ იზრდება, ჩვენც ხშირად ვეჩეხებით ამას. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს", - თქვა პუტინმა. 

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრის მაგალითი მოუყვანა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ესროლეს. თავის ფეისბუქპოსტში ის არ ასახელებდა, ვისთან ჰქონდა საუბარი. 

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ კობახიძეს ის ესაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იქნა ამოღებული. 

"ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი იყო არამხოლოდ მთლიანად ამოგლეჯილი კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის ისე წარდგენილი, რომ შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულად არასწორი ინტერპრეტაცია", - აღნიშნულია ევროკომისრის განცხადებაში.


close დახურვა