logo
ENG



ო'ბრაიენი: თუ ჩვენი საზოგადოების წევრობა გინდა, ისე უნდა მოიქცე, როგორც მისი წევრი

24 მაი 202423:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/24/h5vl3vg9o8xmf1s.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსულ კანონსა და ქართული ოცნების ანტიდასავლურ განცხადებებზე ისაუბრა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს კონკრეტული კანონი [უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ], მისი თანმხლები რიტორიკა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ არჩეულ გზასთან, იაროს ევროკავშირისა და NATO-სკენ", - თქვა მან.

ამერიკის ხმის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ სანქციების გამოყენება იძულება არ არის და დაამატა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები "თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანების მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან."

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეზღუდვები სანქციების სიაში მომხდარი ადამიანების ოჯახის წევრებსაც დაეკისრებათ.

"კიდევ ერთხელ, ეს არ არის იძულებითი ტაქტიკა, ეს განცხადებაა, რომ თუ გსურს იყო ჩვენი საზოგადოების წევრი, მათ შორის ისარგებლო ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა აირჩიო ნებისმიერი სკოლა, სადაც გინდა, რომ შენი შვილი სწავლობდეს, მაშინ უნდა დაიწყო ისე ქცევა, როგორც ამ საზოგადოების წევრს შეეფერება. მხოლოდ ესაა, რასაც ვამბობთ", - განაცხადა მან.

ო'ბრაიენმა ასევე დაგმო პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები და ასევე მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტების ფიზიკური ანგარიშსწორება. მისი თქმით, ამგვარი ქმედებები "შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რის შესასრულებლადაც [მოქალაქეებმა] მთავრობა აირჩიეს".


close დახურვა