logo
ENG



იოსელიანი: მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო

27 მაი 202409:27
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ქართული ოცნების დეპუტატებს მოუწოდა, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე.

იოსელიანის აზრია, რომ პარლამენტმა უნდა გადაავადოს ვეტოს დაძლევა და გააჩინოს სივრცე დისკუსიისთვის, რომელზეც იმსჯელებენ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამის ცვლილებებზე.

"მოვედი იმიტომ, რომ სიტუაცია რაც არის ქვეყანაში, დაძაბულობა, ვფიქრობ, საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც თითქმის უკვე 2 თვეა თბილისში ქუჩებში მიმდინარეობს. არ შევალ კანონის დეტალებში განხილვაში. [...] ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ მიზანი ლეგიტიმურია, თუმცა მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის, ჩემი აზრით, არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას.

ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს შესაძლებელი არის, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მითუმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები და გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ მესმის ის დაძაბულობა, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამ კანონს ჰყავს მომხრეებიც, ისე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და ხშირად, ჩემი აზრით, უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, როგორც იმ კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი, მოგიწოდებთ სულ ყველას, მხედველობაში მიიღოთ ეს მოსაზრებები და ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს", - თქვა იოსელიანმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიმართავენ დეპუტატებს, ვეტო არ დაძლიონ.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.


close დახურვა