logo
ENG



კონტრ-სნაიპერული შაშხანით ფოტოს დადების გამო ჟურნალისტი ლადო მენაბდე გამოკითხვაზე დაიბარეს

27 მაი 202420:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/27/5xtxh83byvecdaw.png

მთავარი არხის რეგიონული კორესპონდენტი და ადგილობრივი გაზეთის გურიის მოამბის რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე სოციალურ ქსელში ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.

საუბარია ფოტოზე, რომელზეც მენაბდე კონტრ-სნაიპერული შაშხანით არის გადაღებული და სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნდა.

"მთლად საჩემო!!! ამერიკული - კონტრსნაიპერული შაშხანა. ისვრის 18 სხვადასხვა დანიშნულების ტყვიის სახეობას! გამოიყენება სნაიპერების, ცოცხალი ძალისა და ჯავშანმანქანების წინააღმდეგ. მტერს ანადგურებს სამ კილომეტრზე მეტ მანძილზე. მოკლედ ჩემი სახლიდან მერიის, პოლიციის, სუს-ისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებს უპრობლემოდ "მოვიკითხავ". ვხუმრობ თავისთავად", - წერდა ვლადიმერ მენაბდე 26 მაისს.

როგორც ის ფორმულასთან საუბარში ამბობს, უკვე დღეს მას შესაბამისი უწყება ჩაბარდა. მენაბდე აღნიშნავს, რომ ფოტო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილ გამოფენაზე არის გადაღებული.

"კრიმინალურ პოლიციაში დაბარება უკავშირდება ჩემს სტატუსს და ფოტოს. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მე მოვითხოვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა. უწყება 1 საათის წინ ჩამბარდა. დაბარებული ვარ ისე ხვალ, 14:00 საათზე, გულუას ქუჩაზე. 26 მაისის ღონისძიება იყო და ვიყავი იქ ოპერატორთან ერთად. საქართველოს თავდაცვის შეიარაღებული ძალების გამოფენა იყო - არსენალში არსებული ცეცხლსასროლი იარაღების.

ეს კონტრ-სნაიპერული შაშხანა იყო, ვესაუბრე იქ ოფიცერს. ყველგან ჯარისკაცები და ოფიცრები იდგნენ და გიხსნიდნენ. გარდა ამისა, წარწერებიც არის რომელი იარაღი რაა. მომეწონა ძალიან და სურათს გადაგიღებო, კი ბატონოთქო და ჩემი ტელეფონით გადავაღებინე ეს სურათი და დავდე. ტექსტიც მივაწერე, თან დავაყოლე ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. დღეს უკვე დამირეკეს და მითხრეს, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული", - უთხრა მენაბდემ ფორმულას.

კიდევ ერთ პოსტში ჟურნალისტი წერს, რომ "ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება".


close დახურვა