logo
ENG



ფიშერი: სანამ ეს კანონი ფუნქციონირებს, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ გავხსნით

29 მაი 202419:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/29/k5ttfqsv8409ipx.jpg

გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სანამ ეს კანონი იმოქმედებს ქვეყანაში, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება. 

მისი თქმით, შეუთავსებელია, როცა EU-ს წევრობა გსურს და თან ცდილობ ის "გლობალური ომის პარტიად წარმოაჩინო". 

"საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და მანამ, სანამ ეს კანონი ფუნქციონირებს, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს გაწევრიანების შესახებ [...] თუ გსურთ გაწევრიანება კავშირში, მაგრამ ამავდროულად, აკრიტიკებთ ამ კავშირს, როგორც სახიფათოს, უწოდებთ გლობალური ომის პარტიას, (ეს არ არის ჩემი ტერმინი, ჩემი აზრით, ასეთი ტერმინი არც არსებობს) მაშინ, უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა, შეგვიძლია თუ არა ჩვეულებრივად ვიურთიერთოთ? ვართ თუ არა პარტნიორები, თუ აღარ?"

ფიშერმა ხელისუფლების ანტიევროპულ და დეზინფორმაციულ რიტორიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ შიშს თესავს. 

"მიჩნეულია ერთგვარ სახიფათო ქვეყნებად. მე ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ ვართ ფანტასტიკური პროექტი, რომელიც უკავშირდება მშვიდობას, რომელიც გამოიგონებს ადამიანებმა ნაციონალური თუ გენოციდური კონფლიქტების შემდეგ, შესაბამისად, ჩვენ გლობალური მშვიდობის პარტია უფრო ვართ. ახლა ითესება ეს უცნაური შიშის ატმოსფერო, დეზინფორმაცია ვრცელდება", - განაცხადა მან.

ფიშერის თქმით, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდე, საჭიროა მისი სტანდარტები დააკმაყოფილო.  

"მე ვარ ოპტიმისტური, იმ კუთხით, რომ შეგვიძლია განვაგრძოთ ურთიერთობა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს არც ოჯახთან, არც იმასთან, თუ რა გრძნობები გვაქვს, რა არის ჩვენი შიდა სენტიმენტები, ეს არის სამართლებრივი პროცესი. თქვენ კი არ უერთდებით ოჯახს, არამედ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს თავისი კონტრაქტი, წერილობითი წესები გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მთავარი არის ის, რომ თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ ჩვენი სტანდარტები. ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი, რა თქმა უნდა, გამოგიწვდით ხელს, როგორც ეს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ [...] მაგრამ ამისთვის აუცილებელია დააკმაყოფილოთ შესაბამისი სტანდარტები, ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ შეიცვალოთ მოსაზრება", - თქვა მან. 

გარდა ამისა, ელჩმა აღნიშნა, რომ ახლა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ 10 ქვეყანას შორის, მოწინავე რიგებიდან, ფაქტობრივად, ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. 

 


close დახურვა