logo
ENG



ენმ-ს ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ

04 ივნ 202412:53
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ. ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მათ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით ხვდება და მათ თავდასხმისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

ამასთან, როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ყურადღება რუსულ კანონზე, მოქალაქეთა დაშინების მცდელობებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე გამახვილდება.

"დღეს პარტნიორებთან საუბარი გვაქვს, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი საარჩევნო გარემოში გადმოვიდეს. გვესმის, რომ ისინი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. მათი ამოცანა იქნება დაკავებები და სამართლებრივი დევნა თავისუფალი ადამიანების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ" - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.

ენმ-ს წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმ მიზნით იმყოფებიან, რომ ქართული ოცნების რეალური სახე საკუთარი თვალით ნახონ.

"საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რადგან საკუთარი თვალით ნახონ ქართული ოცნების რეალური სახე, ის ვანდალიზმი, ის ფიზიკური ძალადობა, რომელიც ჩაიდინეს. გამთენიისას, დაახლოებით 80-მდე ადამიანი პარტიის ოფის თავს დაესხა და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო 4-5 თვე", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეხვედრაზე აშშ-ის, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, ესპანეთის, ავსტრიის, უკრაინისა და ჩეხეთის, ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი გასულ ღამეს დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს.
 
ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

close დახურვა