logo
ENG



ოპოზიციური პარტიები, MEGOBARI ACT-ის ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს წერილით მიმართავენ

06 ივნ 202409:56
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიები, MEGOBARI ACT-ის ინიციატორს, კონგრესმენ ჯო უილსონს ერთობლივი წერილით მიმართავენ.

წერილში ხაზგასმულია, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და NATO-ში, ისევე როგორც ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან.

წერილში სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის შესახებაც არის საუბარი.

"ქართველები მასობრივად გამოვიდნენ თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში, რადგან ხელისუფლება იყენებს უპრეცედენტო ძალადობას ოპოზიციური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მუდმივად უარესობისკენ მიმავალ პირობებში ათობით ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უკანონოდ დააკავეს, გარდა ამისა ოპოზიციური პარტიების ოფისებს თავს ესხმოდნენ ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ჯგუფები. მოქალაქეების დაშინების და მათ მიმართ ტერორის მასშტაბური კამპანია მხოლოდ მწვავდება", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ "იმ დროს როდესაც მთავრობა სულ უფრო მეტად მიემართება ავტორიტარიზმისკენ ქვეყნის შიგნით, ის ასევე ხელს უწყობს ავტორიტარებს საზღვრებს გარეთ და ამის მაგალითად ანაკლიის პორტის და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გადაცემის ფაქტი" მოჰყავთ.

"იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ემუქრება, კრემლის მიერ შთაგონებული უცხო აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიციირებით, ქართველი ხალხი საპროტესტო გამოსვლებით ამ ტრაექტორიას მტკიცედ იცავს. ქართველები მასობრივად გამოვიდნენ თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში, რადგან ხელისუფლება იყენებს უპრეცედენტო ძალადობას ოპოზიციური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მუდმივად უარესობისკენ მიმავალ პირობებში ათობით ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უკანონოდ დააკავეს, გარდა ამისა ოპოზიციური პარტიების ოფისებს თავს ესხმოდნენ ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ჯგუფები. მოქალაქეების დაშინების და მათ მიმართ ტერორის მასშტაბური კამპანია მხოლოდ მწვავდება....

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი და სენატი იმუშავებენ სწრაფად და ერთობლივად, რათა უზრუნველყონ კანონმდებლობის სწრაფი მიღება, რომელიც ეფუძნება ჩვენს მეგობრობას და აფართოებს დახმარებასა და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ ამავე დროს, აძლევს უფლებას შეერთებული შტატების მთავრობას იმოქმედოს მათ წინააღმდეგ,  ვინც ვიწროებს ქართველ ხალხს. მხოლოდ ასეთი კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ მოქმედებას, და კონკრეტულ შედეგებს დააწესებს მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და მონაწილეობს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, შეუძლია შეცვალოს ეს სახიფათო კურსი და აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ მათ ერთგულებაში", -აღნიშნულია წერილში.  

პოლიტიკოსების ასევე სთხოვენ შეერთებული შტატების კონგრესს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს სათანადო დაკვირვება საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.   

"უახლოეს თვეებში, როდესაც მივუახლოვდებით ჩვენი ერის ტრაექტორიის კრიტიკულ წერტილს, რადგან ჩვენი მოქალაქეები განიცდიან უპრეცედენტო ზეწოლას და ძალადობას, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ჩვენ მივესალმებით, დათქმის გარეშე, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, მათ შორის, პირად ვიზიტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის დაცვას.

ჩვენ გვჯერა, რომ კონგრესის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს მდგრადი, თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდასაჭერად და საქართველოს მთავრობისთვის ძლიერი სიგნალის გაგზავნაში, რომ ხალხის ხმის ძალით გაჩუმება შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე ვთხოვთ აშშ-ის კონგრესს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს სათანადო დაკვირვება საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან ფსონები მაღალია და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მომავალი წონასწორობაში დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე", - ნათქვამია წერილში.

ხელისმომწერ საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების სია:

  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი
  • ევროოპტიმისტები - რომან გოცირიძე
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის  - ნიკა მაჭუტაძე
  • საქართველოსთვის - ბექა ლილუაშვილი
  • თავისუფლება - ნატო ჩხეიძე
  • გირჩი - იაგო ხვიჩია
  • ლელო საქართველოსთვის - დავით უსუფაშვილი
  • რეფორმების ჯგუფი - თეონა აქუბარდია
  • ნაციონალური მოძრაობა - თინა ბოკუჩავა 

დამოუკიდებელი დეპუტატები:

  • არმაზ ახვლედიანი
  • შალვა შავგულიძე
  • თამარ ჩარკვიანი
  • სალომე სამადაშვილი
  • დავით ბაქრაძე
  • თამარ კორძაია

პარტიები: 

  • ახალი - ნიკა გვარამია, ნიკა მელია
  • დროა - ელენე ხოშტარია
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  • რესპუბლიკური პარტია - ხათუნა სამნიძე
  • სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე

 


close დახურვა