აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება.
"კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში კონგრესს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში.
კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი არიან.
"ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი, ქართველი ხალხის სურვილებისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე გაყიდვის პროცესშია. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთან, ისინი ავრცელებენ ანტიამერიკულ პროპაგანდასა და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ პრეზიდენტ ტრამპს – მას "დიფ სთეითის აგენტობაში" სდებენ ბრალს.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაფასებული სტუმარი იყო.
"ქართული ოცნების" მარიონეტულმა პრემიერმინისტრმა გასულ კვირას ჩვენს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ტყუილების თქმაში დასდო ბრალი. ამ გარიყული რეჟიმის საქციელი საფრთხეს უქმნის ყოველივე იმას, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და ეს უნდა შეიცვალოს.
ოცნების რეჟიმმაუნდა მიატოვოს ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები...", - თქვა ჯო უილსონმა აშშ-ის კონგრესში კანონპროექტზე კენჭისყრის დროს.
ინიციატივა წარმომადგენელთა პალატამ ხმოვანი კენჭისყრით დაამტკიცა, რაც მიუთითებს, რომ მას კონგრესმენთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. დოკუმენტმა უნდა შეაფასოს ორმხრივი თანამშრომლობა, ამერიკული ფინანსური მხარდაჭერის ეფექტიანობა და საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემო. ასევე უნდა განისაზღვროს, რამდენად შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის გაგრძელება და მომავალში მსგავსი თანამშრომლობისთვის რესურსების გამოყოფა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოში დემოკრატიის სტატუსთან და აშშ-ის მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით.
"ბოლო წლებში სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის სტატუსთან და აშშ-ს მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით.
2008-ში შეჭრის შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე აქვს ოკუპირებული.
სამხედრო კუთხით რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, საქართველოში რუსულ გავლენებთდან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს.
შემაშფოთებელია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა. ბოლო წლებში ამან გამოიწვია აშშ-ს კომპანიის ნაცვლად ჩინური კონსორციუმის შერჩევა მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში.
კონკურენცია კარგია, მაგრამ როცა საქმე ასეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა რისკებს წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
ეს კანონპროექტი დაგვეხმარება, შევაფასოთ, რამდენად სერიოზულია საქართველოს დამოკიდებულება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ", - თქვა ბრაიან მასტმა.
