logo
ENG



შაბათის ფორმულა: აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე მურუსიძე გერმანიაში არ შეუშვეს

08 ივნ 202420:17
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე, გერმანიაში არ შეუშვეს.

შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ მურუსიძე მიუნხენში თბილისიდან სტამბოლის გავლით ჩავიდა, თუმცა, მესაზღვრემ ის დაახლოებით 40 წუთი დააყოვნა. მგზავრები, რომლებმაც მასთან ერთად იმგზავრეს, ჰყვებიან, რომ მოსამართლეს ბევრი კითხვა დაუსვეს, მაგრამ, საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ქვეყანაში არ შეეშვათ.

შაბათის ფორმულა ლევან მურუსიძის ჩაწერას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ის არ პასუხობდა გადამღები ჯგუფის კითხვებს და ასევე დაბლოკა ყველა ნომერი, საიდანაც მასთან შაბათის ფორმულა დაკავშირებას ცდილობდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი ამბობს, რომ მანამდე ლევან მურუსიძე ევროპაში ხშირად დადიოდა და საზღვარზე პრობლემა არ შეჰქმნია. 

"ბუნებრივია დარდობს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მანამდე ვიდრე სანქციები გაიცემოდა, მურუსიძე ძალიან თავისუფლად დადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში თავის მეგობრებთან ერთად, ჩვენ ამის ვიდეოკადრებიც გვაქვს ნანახი, არსად არანაირი პრობლემა არ ექმნებოდა და დღეს სწორედ ეს სანქციები იქნება მიზეზი, რომ მან ვერ გადაკვეთა საზღვარი", - თქვა ლალიაშვილმა შაბათის ფორმულასთან საუბარში.

როგორ შეიძლება გავრცელდეს ამერიკული სავიზო შეზღუდვები ევროპაში - ამ საკითხს იურისტები ასე ხსნიან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ევროპასა და ამერიკაში საერთო ღირებულებით ხელმძღვანელობენ და საგარეო პოლიტიკის გადაკვეთის წერტილებიც ერთი და იგივე აქვთ - უფრო გასაგები გახდება, რატომ შეიძლება არ შეუშვან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ამერიკისგან დასანქცირებული პირი.

"ევროპის ქვეყნები უყურებენ იმას, რომ აშშ არ აწესებს პერსონალურ სანქციებს საფუძვლის გარეშე, ესე იგი ამ ადამიანს მართლა აქვს იმ კონკრეტულ შემთხვევაში საფუძველი. მურუსიძის და დანარჩენების შემთხვევაში წერია კიდეც: კორუფციაში მონაწილეობა და სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრა. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევები ევროპის კავშირის ღირებულებითი პრიზმიდან. და შესაბამისად, არ არის გასაკვირი რომ შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საჯაროა, ინდივიდუალურად მოხდა ამის კოორდინირება", - ამბობს კონსტიტუციონალისტი, დავით ზედელაშვილი.

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით.

 


close დახურვა