logo
ENG



აშშ-მა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გააუქმა

09 ივნ 202420:30
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის საელჩოს თქმით, 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო თქვეს. 26 მაისს ფორმულას გადაცემა დროებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამოუკიდებლობის დღის სამხედრო მსვლელობაში ამერიკული კომპონენტი ამოღებული იყო, მიზეზის დასადგენად დროებამ საელჩოს კითხვა გაუგზავნა.

საელჩო პასუხობს, რომ ივანიშვილმა 29 აპრილის გამოსვლაში შტატების მიმართ ცრუ ნარატივები გაავრცელა, ღონისძიებაში მონაწილეობაც ამიტომ გაუქმდა.

⁠"ამერიკის მონაწილეობა 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა შეერთებული შტატების მიმართ ცრუ ნარატივების გავრცელების გამო, რომელიც გაჟღერებული იყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ 29 აპრილის გამოსვლისას.

შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს იხილოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მტკიცედ ინტეგრირებული საქართველო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ამ გზას", - აცხადებენ საელჩოში.

წინა წლებისგან განსხვავებით, 2024 წლის 26 მაისის სამხედრო მსვლელობაში ამერიკული კომპონენტი ამოღებული იყო. გასულ წლებში დამოუკიდებლობის დღეს ქართველ სამხედროებთან ერთად მუდმივად იყვნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები.

29 აპრილს ქართული ოცნების ორგანიზებით რუსული კანონის მხარდაჭერი აქცია გაიმართა, რომელზეც სიტყვით ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. გამოსვლა მან ძირითადად ანტიდასავლური განცხადებებისთვის გამოიყენა, ისაუბრა "გლობალურ ომის პარტიაზე" და თქვა, რომ მას "NATO-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს".


close დახურვა