logo
ENG



ევროპული საქართველო: მიუხედავად თანხვედრის წერტილებისა, დეკლარაციას ხელს არ ვაწერთ

25 ივნ 202413:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/5cw7s3hd2bjvblx.jpg

ევროპული საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობას არ განიხილავს. პარტიაში მიესალმებიან, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქარტიის პირობებისადმი ერთგულება ე. წ. ოპოზიციური ერთობის დეკლარაციაში, თუმცა თვითონ ხელმოწერას არ აპირებს.

"1. ჩვენ დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს, რომ არ განვიხილავთ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობას პირველ რიგში იმიტომ, რომ ამომრჩევლისთვის არჩევანის შეზღუდვა და ერთი სიის შეთავაზება ივანიშვილის დამარცხების ამოცანას ცალსახად არ ემსახურება; ამას გარდა, ანტიდემოკრატიულად მიგვაჩნია პიროვნების კულტზე დაფუძნებული ჩრდილოვანი მართვის ის მოდელი, რითაც ნაციონალური მოძრაობა ოპერირებს ბოლო წლებია და ურყევად გვჯერა, რომ ასეთ ძალასთან სხვა ოპოზიციური პარტიების აღრევა ქართულ დემოკრატიას მხოლოდ დააზიანებს და ამომრჩეველს იმედს გაუცრუებს;

2. მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგობის ხმების მობილიზაციის ამოცანებს რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი უკეთ მოემსახურება და უკვე განვაცხადეთ, რომ კონსულტაციები გვექნება იმ პარტიებთან, რომლებიც მზად არიან, მოკავშირეები იყვნენ ერთი მხრივ, ივანიშვილის დამარცხებაში, ხოლო მეორე მხრივ, სააკაშვილ/კეზერაშვილის ანტიდემოკრატიული გავლენის განეიტრალებაში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საკეთილდღეოდ;

3. ვთვლით, რომ შინაარსობრივ და სისტემურ საკითხებზე პარტიებს შორის დებატები სასიცოცხლოდ აუცილებელია ამომრჩევლის ინფორმირების ამოცანებისთვის. ამასთან ერთად, შეუძლებლად მიგვაჩნია, არ გავაკრიტიკოთ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ისეთი მოქმედებები, რაც ძირს უთხრის ივანიშვილის დამარცხების ამოცანას.

4. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ევროპულმა საქართველომ ნაციონალურ მოძრაობასთან ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით დაახლოებით ასეთივე შეთანხმება გააფორმა. ეს შეთანხმება არათუ დემონსტრაციულად დაირღვა, არამედ მასხრადაც აიგდო ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. ნაციონალური მოძრაობის არცერთი ლიდერი შეთანხმების დარღვევის ფაქტს არ შეუწუხებია და არც შეაწუხებს იქამდე, სანამ ამ პარტიას ოპოზიციური ამომრჩეველი დემოკრატიულ ფასს არ გადაახდევინებს ყველა დარღვეული შეთანხმების გამო. ჩვენ გვჯერა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სწორედ ასე მოხდება", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამ ეტაპზე მას 6 ხელმომწერი ჰყავს. დოკუმენტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება. პარტიები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, არჩევნებამდე და მის შემდეგ, ერთიანობის პირობას დებენ. 

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, დეკლარაციის შემუშავებისა და ხელმოწერის იდეა რამდენიმე ევროპარლამენტარს ეკუთვნის. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მათი იდეა იყო, მომხდარიყო შეთანხმება საკითხებზე, რაზეც ოპოზიციას ერთნაირი ხედვა აქვს და სადაც არჩევნებში რეჟიმის დასამარცხებლად რესურსების კონსოლიდაციაა საჭირო.  


close დახურვა