logo
ENG



გაეროს კომიტეტმა ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებისთვის მთავრობას კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა

27 ივნ 202417:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/27/r0y4buotokq88sz.jpg

გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებები, რადგან ნინოწმინდის პანსიოში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ არ ჩაერია და არ მიიღო ზომები. აღნიშნული პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული, დახურული ტიპის ბავშვთა სახლია. 

დღეს კომიტეტმა, წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები, 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ ბავშვები საჩივრის შეტანის დროისთვის პანსიონში ცხოვრობდნენ.

"მომჩივანი 57 ბავშვის საქმიდან, მ.ლ. და ლ.კ.-ს შემთხვევებში გამოვლინდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. 2008 წელს დაბადებული მ.ლ. სამი წლიდან ცამეტი წლის ასაკამდე, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში იყო განთავსებული, სადაც უნებლიე შარდვის გამო მკაცრი სასჯელებით იტანჯებოდა. აღმზრდელები უფროს ბავშვებს ხშირად ავალებდნენ, მ.ლ და სხვა ბავშვები ჯოხების ან ხელების დარტყმით "გამოესწორებინათ". 11 წლის ასაკში ის ასევე იძულებით იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. მეორე ბავშვი, ლ.კ, დაბადებული 2003 წელს, ასევე დადგა მსგავსი სირთულეების წინაშე. მათ შორის აღსანიშნავია არასაკმარისი საკვები, არასათანადო ჰიგიენა და გადაადგილების შეზღუდვა. მისი ძმაც, რომელიც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, განიცდიდა უყურადღებობასა და შეურაცხყოფას", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს, უფლება აქვთ მიიღონ სპეციალური დაცვა და დახმარება სახელმწიფოსგან, რომელიც მათი მზრუნველია", - განაცხადა კომიტეტის წევრმა ბენუა ვან კირსბილკმა და დასძინა, რომ შესაბამისად, საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რაც ბავშვთა პანსიონის ან სხვა მსგავსი დაწესებულების დახურულ კარს მიღმა მოხდა.

პანსიონში არსებული უმძიმესი მდგომარეობა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, პირველად 2015 წლის ანგარიშში დააფიქსირა. ანგარიშში მითითებული იყო ბავშვებს შორის ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ბულინგის, ასევე აღმზრდელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური დასჯის ფაქტები, ისეთი ფორმებით როგორიცაა მეტანიის კეთება, საკვების გარეშე დატოვება, ჩაკეტვა და იძულებითი ხოხვა. მიუხედავად ამისა, 2016 წელს, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, პანსიონს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა.

სახალხო დამცველმა 2018 წელსაც გამოაქვეყნა განმეორებითი ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო პანსიონში არსებული სისტემური პრობლემები და ზედამხედველობისა და ბავშვთა ზრუნვის გაუმჯობესების გადაუდებელი აუცილებლობა. 2020 წლის ივნისიდან, თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს უარს ეუბნებოდნენ პანსიონში შესვლაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო პანსიონში განთავსებულ ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგი, არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ჯერ თბილისის სხვადასხვა სასამართლოებს, ხოლო საბოლოოდ 2021 წლის მაისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა.

კომიტეტმა დაუყოვნებლივ გამოსცა დროებითი ღონისძიება 57 ბავშვის სასარგებლოდ და მოითხოვა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა პანსიონში დაშვება მონიტორინგის განხორციელების მიზნით.

ერთი თვის შემდგომ, სახალხო დამცველის აპარატს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო პანსიონში და განეხორციელებინა ყოვლისმომცველი შეფასება, რის შედეგადაც 27 ბავშვი ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში გადაიყვანეს.

2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა რომ გადაუჭრელი რჩებოდა წამოჭრილი პრობლემები, 15 ბავშვი, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კვლავ ცხოვრობდა პანსიონში.

საჩივრის განხილვის შედეგად, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის პანსიონში განთავსებული, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, მათ შორის ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობისა და შეურაცხყოფისგან და ამით დაარღვია ბავშვის უფლებათა კონვენციით აღებული ვალდებულებები.

კომიტეტმა საქართველოს მოსთხოვა უზრუნველყოს, მსხვერპლი ბავშვების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარება. მათ შორის, ადეკვატური კომპენსაციის გაცემა და რეაბილიტაცია, ბოდიშის საჯაროდ მოხდა, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფთა მდგომარეობის ხელახალი შეფასება, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. რეპარაციული ღონისძიებები კოორდინირებული უნდა იყოს მსხვერპლ ბავშვებთან, მათი შეხედულებების გათვალისწინების მიზნით.

"ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ იმ სიტუაციით, რასაც ოჯახურ გარემოს მოკლებული ეს ბავშვები უმკლავდებოდნენ, ზოგიერთი ძალიან მცირე ასაკიდან და მთელი ბავშვობის მანძილზე. მოპყრობას, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ, მათ განვითარებაზე გავლენა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ექნება", - განაცხადა ვან კეირსბილკმა.

"იმ ინსტიტუციების რეგულარული და დამოუკიდებელი მონიტორინგი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, არსებითია მოპყრობისა და საცხოვრებელი პირობების ბავშვთა უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და მსგავსი დარღვევების მომავალში თავიდან ასაცილებლად", - დასძინა მან.


close დახურვა