logo
ENG



ბაიდენი: ვიცი, რომ ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ ვიცი, როგორ შევასრულო ეს სამუშაო

29 ივნ 202411:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/29/yy1j9c1uftr6qk2.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უპასუხა კრიტიკას მის ასაკთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ნოემბერის არჩევნებში გაიმარჯვებს.

27 ივნისს დონალდ ტრამპთან ჯო ბაიდენის დებატებმა დემოკრატ მხარდამჭერებში შეშფოთება გამოიწვია.

"ვიცი, რომ ახალგაზრდა არ ვარ, რაც ცხადია... აღარ დავდივარ ისე მარტივად, როგორც ადრე... ისე კარგად ვეღარ ვდებატობ, როგორც ადრე. მაგრამ რაც ვიცი არის ის, როგორ ვთქვა სიმართლე და ვიცი, როგორ შევასრულო ეს სამუშაო", - თქვა ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში მიტინგის დროს.

81 წლის ბაიდენმა განაცხადა, რომ "გულითა და სულით" სჯერა, რომ კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობა შეუძლია.

ბაიდენის გამოსვლიდან რამდენიმე საათში რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მიტინგი ჩაატარა ვირჯინიაში, სადაც დებატებში გამარჯვება იზეიმა.

"ჯო ბაიდენის პრობლემა მისი ასაკი არაა. პრობლემა მისი კომპეტენციაა. ის ძალიან არაკომპეტენტურია", - თქვა 78 წლის ტრამპმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ სჯერა სპეკულაციების იმის შესახებ, რომ ბაიდენი გამოეთიშება საარჩევნო მარათონს, რადგან გამოკითხვებში მას უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე სხვა დემოკრატებს, მათ შორის კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ასაკთან დაკავშირებული კითხვები ახალი არ არის, დებატების დროს მისმა მერყეობამ - რომელიც გამოირჩეოდა ვერბალური პრობლემებით, ძნელად გასაგები პასუხებით - პანიკა გამოიწვია ზოგიერთ დემოკრატში, რომლებმაც მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურა კითხვის ქვეშ დააყენეს.


close დახურვა