რუსეთის ძიუდოს ფედერაციამ განაცხადა, რომ მიუხედავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ ცალკეული სპორტსმენებისთვის მიცემული ნებართვისა, რუსი ძიუდოისტები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობას არ მიიღებენ.
"17 ძიუდოისტიდან, რომლებმაც ე.წ. ოლიმპიური რეიტინგი მიიღეს, IOC-მა ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ოთხს მისცა. მოცემულ ვითარებაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა არ მიიღოს დამამცირებელი პირობები და არ იასპარეზოს პარიზის თამაშებზე", - წერია ფედერაციის განცხადებაში.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2024 წლის თამაშებში მონაწილეობის უფლება მიღებული ჰქონდათ: ვალერი ენდოვიცკის, მახმადბეკ მახმადბეკოვს, ელის სტარცევასა და დალი ლილუაშვილს.
რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური ათლეტების სტატუსით იასპარეზებენ. პარიზის თამაშებზე ამ ორი ქვეყნის ნებისმიერი სიმბოლო აკრძალული იქნება.
როგორც ცნობილია, ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რუს სპორტსმენებზე გამოყოფილია 54 კვოტა, ხოლო ბელარუსებზე - 28.
ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.