logo
ENG



ჰამილტონი: ოცნების მიზანი იყო საქართველო დასავლეთის ქვეყნების რადარიდან გამქრალიყო

02 ივლ 202401:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/v9ecaflzzvbfab4.png
ფოტო: VOA

ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკის, ბობ ჰამილტონის თქმით, რუსული კანონის მიღება დასავლური დაფინანსების შემცირებაზე გავლენას მოახდენს. ჰამილტონმა ამაზე ამერიკის ხმასთან ისაუბრა.

მას ჰკითხეს, რა უშუალო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აგენტების კანონის მიღებას და ამის გამო ამერიკის მიერ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვას ქვეყნის სამხედრო და თავდაცვით შესაძლებლობებზე, რაზეც ჰამილტონმა უპასუხა:

"ვფიქრობ ვნახავთ დასავლური დახმარების შემცირებას. ორი დიდი ამერიკული პროგრამა არის საგარეო სამხედრო დაფინანსება და საერთაშორისო სამხედრო განათლება და წვრთნა. ვფიქრობ, ისინი შეიზღუდება, ალბათ უკვე არის გეგმები მათი საგრძნობლად შემცირების თაობაზე, ზოგიერთი ეს თანხა ალბათ სხვა ქვეყნებში გადავა.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს, ამას ექნება გავლენა. როგორც ისევ საქართველოდან ვიგებ, რეკრუტირების პრობლემა, რომელიც ქართულ თავდაცვის ძალებს ჰქონდა ახლა იმაზე უარესია, ვიდრე - ოდესმე. მათ ჰქონდათ ტექნიკის უზრუნველყოფის, პერსონალის რეკრუტირების, პერსონალის წვრთნისა და განათლების პრობლემები და ეს ყველაფერი უარესდება... თავდაცვის შესაძლებლობები უარესდება ასევე იმიტომ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობდა იმ ტიპის რეფორმების გატარებაზე, რაც აუცილებელია ამ შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. შესაბამისად, როცა ის უარს ამბობდა რეფორმებზე ან ეს რეფორმები წარუმატებელი იყო, შესაძლებლობებიც დროთა განმავლობაში გაუარესდა"- თქვა მან. 

ჰამილტონის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანი ქვეყნის დასავლური რადარებიდან გაქრობა იყო. 

მისივე განცხადებით, სანამ საქართველო არ იყო პრიორიტეტი, ოცნება " განაგრძობდა იმის კეთებას, რაც სურდა. ეს კი იყო ავტორიტარული, პრორუსული მიმართულებით მოძრაობა".

"საქართველოს მთავრობა კვლავ გამუდმებით იმეორებდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თაოაბაზე ფრაზებს. მაგრამ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მათ ამის არ სჯეროდათ. და სინამდვილეში, ვფიქრობ ქართული ოცნების მთავრობის მიზანი იყო საქართველო დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქების რადარიდან გამქრალიყო.

საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად ესმოდა, რომ დასავლეთის პოლიტიკა სწრაფად არ იცვლება. და სანამ საქართველო არ იყო პრიორიტეტი, ქართული ოცნების მთავრობა განაგრძობდა იმის კეთებას, რაც სურდა. ეს კი იყო ავტორიტარული, პრორუსული მიმართულებით მოძრაობა. მაგრამ დასავლური დახმარება, ათობით და ასობით მილიონი დოლარი განაგრძობდა შემოდინებას.

ასე რომ, ამ სიტუაციაში რამდენიმე წელი გაატარეს და ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა ეს ასობით მილიონი დოლარი, ამერიკისა და დასავლეთის დახმარება, სამხედრო იქნებოდა ეს, ეკონომიკური, თუ განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები... არ იქნებოდა დასავლეთისგან დიდი ყურადღება, რომ არა უცხოეთის აგენტების კანონი ამ წლის გაზაფხულზე. ამან უკვე საბოლოოდ მიიპყრო დასავლეთის დედაქალაქებში ხალხის ყურადღება იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს სინამდვილეში საქართველო"- თქვა მან.

ჰამილტონი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს მთავრობას დასავლური დახმარება უნდა შეუწყდეს, სამოქალაქო ორგანიზაციებს კი უნდა გაუორმაგდეს.

"ვფიქრობ ახლა, საბოლოოდ ვნახავთ დასავლეთისგან ამ დახმარების შემცირებას. საქართველოდან სამწუხაროდ ზოგი იმასაც მეუბნება, რომ დასავლური მთავრობები ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსაც შეუმცირებენ ან შეუწყვეტენ დაფინანსებას, რაც მცდარი მიდგომაა. დახმარება უნდა შეუწყდეს საქართველოს მთავრობას და უნდა გაუორმაგდეს სამოქალაქო ორგანიზაციებს. რადგან მთავრობის განზრახვა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა, პროდემოკრატიული, პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების. ვფიქრობ, სწორედ აქეთკენ უნდა მივმართოთ ყურადღება - ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ"- თქვა ჰამილტონმა. 


close დახურვა