logo
ENG



"ძალიან ვწუხვარ" - სუნაკი პრემიერმინისტრისა და პარტიის ლიდერის თანამდებობებს ტოვებს

05 ივლ 202414:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/fmqd5cxecmj8vk0.jpg

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ამბობს, რომ მეფე ჩარლზს შეხვდება, რათა ოფიციალურად გადადგეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, სუნაკი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგება.

4 ივლისის ვადამდელ არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯა, რის შედეგადაც კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობა დასასრულს მიუახლოვდა.

"ქვეყანას, პირველ რიგში, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ. ამ სამსახურს ყველაფერი მივეცი, მაგრამ იყო მკაფიო სიგნალი თქვენგან, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, და მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა სუნაკმა დაუნინგ სტრიტზე ბრიფინგის დროს.

"გავიგონე თქვენი გაბრაზება, თქვენი იმედგაცრუება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დამარცხებაზე. ყველა კონსერვატიულ კანდიდატსა და კამპანიაში ჩართულებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ, მაგრამ წარუმატებლად, ვწუხვარ, რომ ვერ მივაღწიეთ იმას, რასაც თქვენი ძალისხმევა იმსახურებდა", - თქვა სუნაკმა.

გამოსვლის დროს სუნაკმა ასევე ისაუბრა ლეიბორისტული პარტიის ლიდერზე სერ კირ სტარმერზე, რომელიც მას პრემიერმინისტრის პოსტზე შეცვლის. მან თქვა, რომ სტარმერი "საზოგადოებრივი სულისკვეთების მქონე ღირსეული ადამიანია", რომელსაც პატივს სცემს.

ხმების დათვლა ყველა ოლქში ჯერ დასრულებული არაა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ლეიბორისტულ პარტიას თემთა პალატაში, 650-დან 410-ზე მეტი მანდატით, უმრავლესობა ექნება. ბოლო ათეულობით წლის განმავლობაში ეს არჩევნები, შესაძლოა, კონსერვატიული პარტიისთვის ყველაზე ცუდი შედეგით დასრულდეს.

ლეიბორისტების ყოფილმა ლიდერმა ჯერემი კორბინმა, რომელსაც უფრო რადიკალური მემარცხენე შეხედულებები აქვს, ვიდრე პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, მოახერხა, რომ თავის ოლქში მხარდაჭერა შეენარჩუნებინა, მაგრამ ახლა როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა: ის პარტიიდან გარიცხეს.


close დახურვა