logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ლაჩრები გმირების (გმირობის) წინააღმდეგ

13 აპრ 202519:53
3 წუთის საკითხავი
 

თუ ვინმე შემორჩით ისეთი, ვისაც ეჭვი გეპარებათ, რომ ეს რუსული სპეცსამსახურის ადგილობრივი შემსრულებლის ნამუშევარია, არ მშურს თქვენი გონებრივი შესაძლებლობების, მითუმეტეს სინდისიერების.

თბილისში გიორგი ანწუხელიძის რამდენჯერმე გადაშლილ და აღდგენილ სტენსილს "1941-45. არა ფაშიზმს" გადააწერეს.

სიტყვა "ფაშისტები", "ფაშიზმი" ახალ კოდურ პროპაგანდისტულ კლიშედ იქცა, რომელსაც ოცნება მისი პირველი პირების მეშვეობით ხშირად და ორკესტრირებულად თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების მიმართ იმეორებს. ეს ახლა "მთავარი სიტყვაა", რომელიც ოცნების ინფრასტრუქტურაში მესიჯბოქსადაა ჩაშლილი და ბრიფინგებით დაწყებული, ტროლ-ბოტების ინტერნეტ აქტივობით დამთავრებული, ყველგან შეგხვდებათ.

არ არსებობს იმაზე დიდი მტკიცებულება, რაც პუტინისტური იდეოლოგიასთან არა უბრალოდ თანხვედრას, არამედ მის ადგილობრივ ადეპტად ოცნების მუშაობას ადასტურებდეს.

თეა წულუკიანი: რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ".

წულუკიანის ნათქვამი ფრაზების შემდეგ რთულია, მაგრამ ოდნავ მაინც რომ დავაცხროთ ემოცია და კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ თუ რას ცდილობს რუსეთი ივანიშვილით, წულუკიანებით, პაპუაშვილებით, კობახიძეებით - ნათელი გახდება, რომ ისინი ანწუხელიძის გმირული საქციელის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას კი ვერ ბედავენ და არც აპირებენ - ეს ხომ ფიზიკური მოცემულობა, ვიდეოზე აღბეჭდილი სასტიკი რეალობა და თვალნათლივ შემდგარი გმირობის აქტია, რომლის წინააღმდეგ წასვლაც უბრალოდ მათ არ შეუძლიათ. ანუ, გმირობის აქტის გაქარწყლებას კი არ ცდილობენ, არამედ იმის რევიზიას, თუ რა არის საერთოდ გმირობა ქართველისთვის, რისთვის ღირს თავის გაწირვა და საერთოდ ღირს თუ არა ღირსების და თავისუფლებისთვის ბრძოლა?!

სისტემური რეპრესიების ფონზე დასკვნით ფაზაში გადადის ,,უცხო ძალად“ მონათლული რუსეთის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომლის მიზანიც ქართველი ადამიანის მორალური, ეთიკური პარადიგმის გამოფიტვა, ჩვენი ერის კულტურული ვინაობის საკურთხევლის მორღვევა და მისი ჩანაცვლებაა ყალბი ნაციონალიზმით, პატრიოტიზმის სიმულაკრით.

ამაში ახალი არაფერია. დამპყრობლებისგან ასეთი მცდელობები ჩვენსავე ისტორიაში არაერთხელ ყოფილა. მაშინ ფიზიკური რეპრესიების მასშტაბებიც და ფორმებიც შეუდარებლად სასტიკი იყო. ფიზიკური ძალადობა არც ახლაა მეორეხარისხოვანი ფაქტორი, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევ ინსტრუმენტებში თანამედროვე პროპაგანდისტულ ინფრასტრუქტურას გაცილებით დიდი ზიანის მოყენება შეუძლია, ვიდრე ოდესმე ჩვენს ისტორიაში. სწორედ ამიტომაცაა ვითარება განსაკუთრებით საგანგაშო.

მორალური დეგრადაციის შეჩერება და ყველაზე მნიშვნელოვან, ადამიანების გონებისა და გულებისათვის ბრძოლის ფრონტზე გამარჯვება ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე - სამეფო დინასტიის, თავადაზნაურობის, მხედართმთავრების, მეომრების, გლეხების, რიგითი მღვდლების, ქართველი ქალების თუ სხვათა პირადი გმირობისა და თავგანწირვის ფასად დამპყრობლის მიერ არაერთხელ მორყეული ქართველების მორალური კომპასის გასწორებას ემსახურებოდა.

თუმცა იყო ერთი გამორჩეული ინსტიტუტი, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სულიერი ლიდერები. მხოლოდ გრიგოლ ხანძთელის და კათალიკოს ამბროსი ხელაიას მაგალითებიც კი საკმარისია ამ თეზისის ეჭვშეუვალების სადემონსტრაციოდ. სწორედ ამიტომაც არის საქართველოს კონსტიტუციაში ეს წვლილი მკაფიოდ ხაზგასმული და დაფასებული.

დღეს ეკლესია ინსტიტუციურად უკეთეს შემთხვევაში დუმს, უარეს შემთხვევაში კი რუსულ პროპაგანდას მისი სახელით ბანს ისეთები აძლევენ, რომელთა ადგილიც კულტურულ, ქრისტიანულ საზოგადოებაში ამბიონზე კი არა არცერთ საზოგადოებრივად ანგარიშგასაწევ სცენაზე არ იარსებებდა.

ვინც იმას ეგუება, რასაც ახლა რუსები ქართველების ხელით, ჩვენს ეროვნულ მეხსიერებას და მორალურ ორიენტირებს უშვრებიან, არც რუსთაველის შთამომავალია, არც დავით აღმაშენებლის, არც დიდმოწამე ქეთევანის, არც სამასი არაგველის და არც ილია ჭავჭავაძის.

ისტორიის ამ ეტაპზე ის დუგინის ევრაზიული ბოდვისა და სურკოვის "სუვერენული დემოკრატიის" რუსული ინცესტის ბიოლოგიური ნაშთს წარმოადგენს. ასეთები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ უმცირესობაში. ჩვენი დროის პრობლემა ისაა, რომ ციფრულ საუკუნეში მტრის მიერ კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული ინფრასტრუქტურით, უმცირესობის "გაბევრება", მათი სიმრავლის ილუზიის შექმნა ხერხდება.

ამიტომაც აქვს ახლა ქართველი ხალხის უმრავლესობის ორგანიზებასა და თანადგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა. რთულია ეს ბრძოლა, არც არასოდეს ყოფილა ადვილი, მაგრამ ყველაფერი ძალიან გაადვილდება, თუ წულუკიანის ენით, რუსული ოცნების მიერ ამონთხეულ იდეოლოგიურ შხამს გემოს გავუსინჯავთ, ღალატის სიღრმესა და მასშტაბს შევიგრძნობთ, გავიაზრებთ, წინაპრების ხსოვნის შეურაცხყოფის მასშტაბი და მომავლისადმი პასუხისმგებლობა შეგვაზანზარებს, გავბრაზდებით და იმას გავაკეთებთ, რასაც ჩვენი წინაპრები ამ დროს აკეთებდნენ - გადმოვაფურთხებთ!


close დახურვა