logo
ENG



ბაიდენი: თუ ყოვლისშემძლე უფალი ჩამოვა და მეტყვის: "ჯო, გამოდი რბოლიდან", მე ასე მოვიქცევი

06 ივლ 202413:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/06/lnu208eys824zol.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ ABC News-ის წამყვანთან, ჯორჯ სტეფანოპულოსთან პირველ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონიდან გასვლას არ აპირებს.

"თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალი დედამიწაზე არ ჩამოვა", - ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს იმ შემთხვევაში, თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია.

ბაიდენმა აღიარა, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩატარებული დებატები ცუდი იყო. მისივე თქმით, სჯერა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობების შესასრულებლად საჭირო გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები აქვს და ასე რომ არ ფიქრობდეს, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

სტეფანოპულოსის კითხვას, არის თუ არა ის ისევ ის ადამიანი, ვინც სამი წლის წინ იყო, როდესაც თანამდებობა დაიკავა, ბაიდენმა უპასუხა: "წარმატებების თვალსაზრისით, დიახ. მე ასევე ვარ ის ადამიანი, რომელმაც შეადგინა სამშვიდობო გეგმა ახლო აღმოსავლეთისთვის, რომელიც შეიძლება განხორციელდეს".

აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები 28 ივნისს გაიმართა.

ტელეკომპანია CNN-ის მიერ ორგანიზებულ დებატებში კანდიდატებს შესთავაზეს, პასუხები ამერიკელებისთვის ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე გაეცათ: მაღალ ინფლაციაზე, აბორტის უფლებაზე, უკანონო მიგრაციაზე, უკრაინისადმი დახმარებაზე, ოჯახისა და ბავშვების მხარდაჭერაზე, აფროამერიკელების პრობლემებზე, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასა და არჩევნების შედეგების პატივისცემაზე.

კანდიდატებმა თავი ბევრ კითხვას აარიდეს - ისინი დებატების განმავლობაში წინასწარ მომზადებულ თეზისებს მისდევდნენ.

 

 

 

 

 

close დახურვა