logo
ENG



ზარქუა EU-ს: 30 მლნ ღირსეულმა კაცმა ფეხბურთელებს აჩუქა და თქვენი 30 მლნ-ით დაგვაჩოქებთ?

11 ივლ 202414:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/j806cnoo91oteho.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა "სამარცხვინოს" უწოდებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვასთან დაკავშირებით.

ზარქუამ ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის გადაცემული 30 მილიონი ახსენა და ევროკავშირს მიმართა კითხვით - "გგონიათ, ამ 30 მილიონით დააჩოქებთ ჩვენს ქვეყანას?".

"სამარცხვინო იყო ის აქტი, რაც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, გააკეთა, მიუღებელია ეს. შენ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, ჩვენი თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები დასაჯო, ჩვენი ქვეყანა დასაჯო იმის გამო, რომ თურმე რაღაც კანონი, რომელიც დამოუკიდებელმა ქვეყანამ მიიღო, არ მოგწონს. ის რატომღაც დაავიწყდათ, რომ ეს მაგარი ბიჭები სწორედ მსოფლიო უსაფრთხოების პროგრამებში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერაყში, ავღანეთში.

უფრო მეტსაც გეტყვით - NATO-მ რომ უკან დაიხია და ავღანეთი თალიბებს დაუთმო, აი მაშინ, როცა უკან გამოდიოდნენ, იქაც კი ქართველმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რომ დროულად გამოსულიყვნენ იქიდან და ეხმარებოდნენ. რამდენი დაჭრილი, დაღუპული გვყავს და სამაგიერო რით გადაუხადეთ, რომ დასაჯეთ საქართველო, ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები, ჩვენი მეომრები 30 მილიონით? 30 მილიონი ერთმა ჩვენმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა და დღეს მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პრემიერს და მთავრობას, რომელმაც 100 მილიონი გამოყო იმისთვის, რომ ჩვენ თავდაცვის უწყების დაფინანსება კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

თქვენ გგონიათ, ამ თქვენი 30 მილიონით დააჩოქებთ ჩვენს ქვეყანას? ძალიან ცდებით, ბატონო ჰერჩინსკი, ძალიან ცდებით, თუ თქვენ გგონიათ, რომ ეს მეომარი, მებრძოლი ერი, რომელმაც უამრავი იმპერიების ბრძოლებს გაუძლო და გამოიარა, ამ გამოცდილებით, ამ იაფფასიანი ტრიუკებით დააჩოქებთ ან საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ხელს ააღებინებთ? ძალიან ცდებით, ვწუხვართ. ველოდებით, რომ ურთიერთობების გადატვირთვა, ალბათ, არჩევნების მერე მოხდება და შემდეგ შეგრცხვებათ ჩვენი მოსახლეობისთვის თვალებში ჩახედვის", - თქვა ზარქუამ.

***

9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. გარდა ამისა, ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. 

ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა, ხოლო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი 9 ნაბიჯისგან აშკარა უკუსვლად შეაფასა.  

5 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების "ღირსეულის პარტნიორის" გადადება განუსაზღვრელი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.


close დახურვა