მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ - დღეს ამ პროცესის მოლაპარაკებები იხსნება. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დასთანხმდნენ, ამას კი ევროპული ბლოკის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდება.
პირველი კლასეტერის გახსნის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მისი თქმით, პროცესი მოიცავს ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა თუ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციები. "ეს არის ორივე ქვეყნის მიერ რეფორმების წინსვლისას გამოვლენილი მონდომების, გამბედაობისა და შრომისმოყვარეობის აღიარება უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად და სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირის მიერ მშვიდობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობების შეთავაზება შეუდარებელია.", - თქვა მან.
მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი საქართველოზე ადრე, 4 წლის წინ მოიპოვეს. შარშან ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, დაწყებულიყო მოლაპარაკებები ამ ორი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, მაგრამ ეს ნაბიჯი უნგრეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა. ახალმა პრემიერმა კი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ვეტო მოხსნა.
