logo
ENG



იუსტიციის საბჭოში წევრობაზე პრეზიდენტის კომისიამ რეკომენდაცია ბურჯანაძეს, წიქარიშვილს გაუწია

13 ივლ 202411:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/13/l7yykyv73urt231.jpg

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრობაზე რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა კინწურაშვილს გაუწია.

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ ქართულ ქარტიაში. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.

პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.


close დახურვა