logo
ENG



ბრალდებულს პოლიციელი მფარველობს - შაბათის ფორმულამ კურიერზე თავდასხმის დეტალები გაარკვია

13 ივლ 202420:25
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები გაარკვია.

დაჭრილი თემო სიგუა შაბათის ფორმულასთან ჰყვება, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად და რა გახდა თავდასხმის მიზეზი. ირკვევა, რომ კურიერი სატელეფონო მუქარით ადგილზე 2-ჯერ მიაბრუნეს, პირველად არავინ დახვდა, მეორედ კი დაჭრაში ბრალდებულ ნიკოლოზ მამალაძის გარდა, ეზოში მას 10-მდე პირი ელოდა, თავდამსხმელი და სავარაუდოდ მისი სამეზობლო.

დაჭრილი კურიერი იხსენებს, რომ შეკვეთას, რომელიც რესტორან სუში რუმიდან წაიღო და ნუცუბიძეზე დატოვა, ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, სწორედ ამიტომ მას დაურეკეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უკან მიბრუნება სთხოვეს.

თემო სიგუა ამბობს, რომ მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და სროლას ბევრი მოწმე ჰყავდა, თუმცა არავინ დაეხმარა და საშველად არც პოლიციას არავინ მიმართა.

"ამხელა კორპუსია, ერთი მჭიდი დამაცალა, ჯურღმული ხომ არაა. ვიღაცას შეეძლო გამოეძახა და დამხმარებოდა მაგრამ არა - მიყურებდნენ ვითომც არაფერი. სად დაკარგა ამ ხალხმა ადამიანობა, ერთი ბოთლის გამო რომ ადამიანს გაიმეტებ, ეთქვა ბოლო-ბოლო და მე ვუყიდდი.

ობიექტზე რომ მივედი, შეფუთული იყო შეკვეთა რომ ავიტანე შეკვეთა და დავტოვე, 2 წუთში მირეკავს ქალი და ლუდი აკლია შეკვეთასო და ვუთხარი არ ვიცი საფორთში უნდა დარეკოთ-თქო და გამითიშა. 2 წუთში მირეკავს კაცი და მეუბნება: "სად არის ჩემი ლუდი, აგრესიულად და იგივე ვუთხარი რომ საფორთს უნდა მიმართოთ-თქო. ნასვამი და არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მოდი აქ და ესეთ დღეში ჩაგაგდებო.

ჯერ თავიდან რომ მივედი არ დამხვდა არავინ, 5-10 წუთი ვიდექი. მერე კიდევ დამირეკა; "შე ისეთო, ასეთო, მაგინა, დამაფარა ყველაფერი და მერე უკვე ოთხნი დამხვდნენ და ეგრევე დამიწყეს რტყმა, მერე უცბად ამოიღო იარაღი და დაიწყო სროლა. მერე ვეცადე რომ გავრიდებოდი და გავსულიყავი", - ამბობს სიგუა.

დაჭრილმა კურიერმა შემთხვევის ადგილი, მძიმე დაზიანებებით მარტომ, საკუთარი მოპედით დატოვა. მამალაძის მხრიდან გასროლილი 7 ტყვიიდან სიგუას სამი ტყვია ფეხებში მოხვდა. ტყვიამ გაიარა თითებში, რის გამოც მას ახლა ძვლები აქვს დაფშვნილი და ტერფი დაზიანებული.

კურიერზე თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგაც, პოლიციას დამნაშავე არ დაუკავებია - შაბათის ფორმულამ გაარკვია სავარაუდო მიზეზიც, რის გამოც ძალოვანმა უწყებამ, მამალაძეს ბრალი მხოლოდ სამი დღის შემდეგ წაუყენა, როცა დამნაშავემ მიმალვა მოასწრო.

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელის მფარველი მისივე მეზობელია - ნიკოლოზ მამალაძეს, რომელმაც გლოვოს კურიერი დაჭრა, პოლიციის მაღალჩინოსანი, მამუკა არგანაშვილი მფარველობს.

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ სავარაუდოდ, სწორედ არგანაშვილის ჩარევით გაჭიანურდა ბრალის წარდგენა ნიკოლოზ მამალაძის წინააღმდეგ, რამაც მას საშუალება მისცა, ეს დრო გამოეყენებინა და მიმალვა მოესწრო. არგანაშვილის გვარი ფიგურირებს ორი წლის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაშიც, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის მანქანა 18 წლის ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, თუმცა მომხდარიდან 2 წლის თავზეც არავინაა დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რატომ ვერ მოახერხეს თემო სიგუას დაჭრაში ბრალდებულის წინააღმდეგ, საგამოძიებო მოქმედებების დროულად დაწყება, დაკითხეს თუ არა, თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები და რატომ აპელირებს გამოძიება, რომ იარაღი პნევმატიკური იყო, როცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არსებობს.

თემო სიგუას საავადმყოფოდან დღეს გამოწერენ, მას ტერფის გადასარჩენად რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

 

 

 


close დახურვა