logo
ENG



კორძაია: რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად დეპუტატებიც შევიტანთ

15 ივლ 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/15/1ibsb000sez3yex.jpg

პლატფორმა ერთიანობის ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის დეპუტატებიც შეიტანენ.

მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს.

"ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში", - ამბობს კორძაია.

მისივე განცხადებით, სარჩელს თვის ბოლოს შეიტანენ.

"ჩვენი სარჩელიც თითქმის მზად არის, თვის ბოლოს შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რომლითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს, ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა და კონსტიტუციის 22-ე მუხლის დარღვევა, რაც ნიშნავს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვას და რა თქმა უნდა, რაც ნიშნავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის განადგურებას.

პარლამენტის წევრებმა ჩავთვალეთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 78-ე მუხლის აღსრულებაში ჩვენც, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვთვლით, რომ 78-ე მუხლის დაწესებული ეს ბრძოლა ევროკავშირისთვის არის ჩვენი ვალდებულებაც, რადგან იქ წერია, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ ოპოზიციის თანხმობა ამასთან დაკავშირებით არის და ჩვენც შევიტანთ სარჩელს, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვაში ფიზიკური პირებიც შეიტანენ სარჩელს", - აცხადებს კორძაია.

ის განხილვის ნაწილზეც საუბრობს:

"რაც შეეხება განხილვის ნაწილს, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას რადგან თუ პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე ვრცელდება 78-ე მუხლის ვალდებულება და ჩვენ გვინდა, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ენდომება, რომ კონსტიტუციის მოთხოვნები თავადაც შეასრულოს და დროულად და ვადაში განიხილოს ეს სარჩელი.

აქ მეორე საკითხიც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავაყენეთ დროებითი მექანიზმის გამოყენების მოთხოვნაც, რომელიც ითვალისწინებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას და ეს მოითხოვს სწრაფად საკონსტიტუციო სასამართლოს შეკრებას და მსჯელობას ამ კანონის შეჩერების ნაწილში", - თქვა კორძაიამ.


close დახურვა