logo
ENG



ომბუდსმენის თქმით, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების განხილვაში ჩაერთვება

15 ივლ 202412:12
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ 2 სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.

სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.

ომბუდსმენი კვლავ ამბობს, რომ მმართველ პარტიას არ უნდა მიეღო კანონი და "მიზნისთვის" სხვა კანონმდებლობაში ცვლილებების გზით უნდა მიეღწია.

"სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარმოვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია - ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებულ კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა", - ამბობს სახალხო დამცველი.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი 2 სარჩელი უკვე მზადაა. ერთ-ერთი სარჩელის ავტორი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, მეორის კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

პრეზიდენტი სარჩელში მიუთითებს, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია, რადგან რეპრესიული კანონი ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. პრეზიდენტი მოითხოვს, რომ სარჩელის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს.

რაც შეეხება 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ისინი სარჩელში მიუთითებენ რუსული კანონის შედეგად კონსტიტუციის დარღვევის არაერთ მუხლზე - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, გაერთიანების უფლებაზე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე.


close დახურვა