logo
ENG



ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით, ქუთაისში პატიმრები შიმშილობენ

16 ივლ 202412:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/27a06otn3keeb5u.jpg

ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები მე-4 დღეა შიმშილობენ, ისინი ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოებას ითხოვენ.

როგორც ადვოკატები ფომულასთან ამბობენ, ამ დროისთვის დაახლოებით 20 პატიმარი შიმშილობს. უფლებადამცველების განცხადებით, კანონპროექტი რეალურად, "ჰუმანურობისგან ძალიან შორსაა".

"სახელმწოფო როცა ამას ეძახის ჰუმანურ აქტს, მართლაც უნდა გამოიხატოს ეს ჰუმანურობა აქტში, მაგრამ ამ ეტაპზე ჰუმანურობისგან ძალიან შორსაა", - ამბობს ადვოკატი დალი სალუქვაძე.

კიდევ ერთი ადვოკატი ნათია ჩხეტიანი აღნიშნავს, რომ პროტესტის მასშტაბის გაზრდაა მოსალოდნელი.

"ეს ეხება მსუბუქ მუხლებს, პირველ ნაწილებს, ნასამართლეობის არმქონე პირებს და ასეთ პირებს, როგორც წესი, არც სასამართლო და არც პროკურატურა ციხეში არ უშვებს და პირობითი მსჯავრის ქვეშ არიან, ან ალტერნატიული სასჯელები, ჯარიმა და ა.შ.

რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, იმიტომ, რომ ამ ამნისტიას 12 წელია ელოდებიან. მათი მოლოდინი ახლაც გაუფასურდა და არავითარი შედეგის მომტანი არ არის. ამაზე ძალიან დიდი პროტესტი აქვთ არა მარტო პატიმრებს, არამედ მათ ოჯახებს და ვფიქრობთ, რომ ეს საპროტესტო ტალღა ძალიან გაიზრდება", - აცხადებს ადვოკატი.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა.  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".

 


close დახურვა