პარიზის მერმა ენ იდალგომ სენაში გაცურა, რათა ეჩვენებინა, რომ მდინარე საკმარისად სუფთაა იმისათვის, რომ ზაფხულის ოლიმპიადაზე ცურვის რამდენიმე ღია ღონისძიებას უმასპინძლოს.
პარიზში ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება. ტრიალტონი და მარათონი ცურვაში სწორედ სენაში ჩატარდება, სადაც ცურვა დაბინძურების გამო საუკუნეზე მეტია აკრძალულია. თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მდინარე გაეწმინდა. პრეზიდენტმა მაკრონმა კი პირობა დადო, რომ მდინარის სისუფთავის დემონსტრირებისთვის თვითონაც გაცურავდა.
"თამაშების დაწყების წინ, როდესაც სენა საკვანძო როლს შეასრულებს, ეს ღონისძიება აჩვენებს ქალაქისა და სახელმწიფოს მიერ გაწეულ ძალისხმევას სენას წყლების ხარისხისა და მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით", - აღნიშნულია მერის ოფისის განცხადებაში.
65 წლის მერმა ჟურნალისტებისა და პუბლიკის თანდასწრებით 100 მეტრი გაცურა. მერთან ერთად სენაში ჩავიდნენ მერიის სხვა მოხელეები და ფრანგი კანოისტი ტონი ესტანგე, რომელიც ახლა ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
"ეს გასაოცარია, ამაზე ვოცნებობდით. ბევრი ვიმუშავეთ მდინარის გაწმენდაზე და არა მხოლოდ იმისათვის, რომ დღეს ერთად გაგვეცურა, თუმცაღა ესეც ძალიან მაგარია. ეს პლანეტის კეთილდღეობისთვის გავაკეთეთ, მდინარის და ოკეანეს კეთილდღეობისთვის. გამოგვივიდა!" - განაცხადა იდალგომ.
დაბინძურებული მდინარის გასაწმენდად $1,5 მილიარდი დაიხარჯა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, თუ ძლიერი წვიმა სენას ნაკადზე გავლენას იქონიებს, ტრიალტონის შეჯიბრი გაუქმდება, ხოლო ცურვის მარათონი სხვა ადგილას ჩატარდება.
იდალგოს მდინარეში ჯერ კიდევ გასულ თვეში უნდა გაეცურა, თუმცა ანალიზმა აჩვენა, რომ ფეკალიების რაოდენობა დაშვებულს 10-ჯერ აღემატებოდა.
პარიზის მთავარი მდინარის გაწმენდის იდეა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის სკეპტიკურად უდგებოდნენ ასე მოკლე დროში უსაფრთხოების საკმრისი დონის მიღწევას. კრიტიკის საგანი წმენდაზე დახარჯული თანხებიც გახდა. სოციალურ ქსელებში პროტესტისკენ მოუწოდებდნენ და ჰეშთეგი #jechiedanslaSeine გაჩნდა, ასევე ზოგიერთნი ინდალგოს გაცურვის დღეს მდინარეში დეფეკაციით იმუქრებოდნენ.