ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, შესწავლილი საჯარო უწყებების (პარლამენტი, მთავრობა, სამინისტროები) 71%-ს, ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, ხოლო 65%-ს 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები.
IDFI-ს შეფასებით, "არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების "გამჭვირვალობის" კვლევით დაკავებული ხელისუფლება თავად ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებს".
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა უწყებამ სრულყოფილად არ მოაწოდა სარესტორნო და სამივლინებო ხარჯების დოკუმენტაცია, მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია დეტალური მახასიათებლებით, შტატგარეშე მოსამსახურეთა სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი, სარგოები და სხვა.
"IDFI დაინტერესდა, სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე კანონის შესაბამისად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის გამჭვირვალობით. მონიტორინგი ჩაუტარდა 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულების (პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები) ვებ-გვერდს და შეფასდა 7 გამოსაქვეყნებლად სავალდებულო საჯარო ინფორმაციის კატეგორია (2024 წლის პირველი კვარტალის (კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში) და 2023 წლის (წლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში).
მონიტორინგმა აჩვენა, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას 7-ვე კატეგორიის მიხედვით სრულყოფილი და განახლებული ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, უწყებების 71%-ს გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, 65%-ს სრულყოფილად გამოქვეყნებული არ ქონდა 2024 წლის პირველ კვარტალში სარეზერვო ფონდებიდან მიღებული დაფინანსების და 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს მთავრობის დადგენილებითვე განსაზღვრულ ვალდებულებებს და არ აქვეყნებს ფინანსურ ინფორმაციას. ასევე, აღსანიშნავია კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევა, რომლის ბიუჯეტი 470 მილიონ ლარს შეადგენს და 3 წელზე მეტია არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი", - წერია ინფორმაციაში.