Reuters-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს, 22 ივლისს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა დაფიქსირდა. მათ შორის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის მტკიცებით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
ადგილობრივებმა ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინის მიერ გაშვებული 75 დრონი გაანადგურა, მათ შორის რვა ტუაფსეს მახლობლად.
უწყების მონაცემების მიხედვით, 47 დრონი როსტოვის ოლქში, 17 – აზოვისა და შავი ზღვის თავზე, ხოლო დანარჩენი 8 – ბელგოროდის, ვორონეჟისა და სმოლენსკის ოლქებში გაანადგურეს.