logo
ENG



გავრილოვის ღამის კიდევ ერთი დაზარალებულის მიმართ შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

23 ივლ 202412:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/23/nvnkdmh64at25bn.jpg

გავრილოვის ღამის კიდევ ერთ დაზარალებულის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაცია დაზარალებულის ინტერესებს იცავდა.

საიას ცნობით, მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის ეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მარჯვენა თვალის არეში რეზინის ტყვია მოხვდა. ორგანიზაციის განცხადებით, მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვის გამო მოსარჩელეს არაერთი სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.

ამასთან, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით კი დადგინდა, რომ დაზიანების გამო მოსარჩელეს საერთო შრომისუნარიანობა 15 %-დან 25%-მდე შეუმცირდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის 4 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ასევე, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1 440 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.

ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არ არის ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. სამართლებრივი თვალსაზრისით გადაწყვეტილება, ასევე, მნიშვნელოვანია სარჩოს ოდენობისა და ფარგლების ნაწილშიც.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სამართალწარმოება და მოსარჩელე უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას", - წერს საია.


close დახურვა